“შეშფოთებული ვართ მრავალრიცხოვანი დარღვევებით, რომელიც არჩევნებისას ვიხილეთ, თუმცა ახლა ყურადღებით ვაკვირდებით თუ როგორ იქნება იმპლემენტირებული ახალი კონსტიტუცია,” – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„აშშ მკაფიოდ უჭერს მხარს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას, რომელიც ადასტურებს საქართველოს ნატო-ში მომავალს. საქართველომ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა რეფორმების განხორციელებაში, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში. საქართველოს წვლილი საერთაშორისო რეფორმებში უზარმაზარია.
ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებმა შეუფერხებლად ჩაიარა. შეშფოთებულნი ვართ მრავალრიცხოვანი დარღვევებით, რომელიც არჩევნებისას ვიხილეთ, თუმცა ახლა ყურადღებით ვაკვირდებით თუ როგორ იქნება იმპლემენტირებული ახალი კონსტიტუცია და ვფიქრობ, მომავალი წლის დასაწყისი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ტესტი იქნება“, – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
ამ თემაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა. გია ვოლსკის თქმით საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება სიგნალია, რომ საარჩევნო თემატიკა კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს.
„სახელმწიფო დეპარტამენტს შენიშვნები გააჩნია. ასევე, შენიშვნები აქვთ სადამკვირვებლო მისიებს, მაგრამ 3700 საარჩევნო უბანი იყო და რასაკვირველია, გარკვეული გადაცდომა მოხდა, თუმცა მთლიანობაში ყველა ერთად თანხმდება, რომ ამას არჩევნებზე გავლენა არ მოუხდენია. განცხადება სიგნალია, რომ პროცესი უფრო უნდა დაიხვეწოს.
პოლიტიკურ ველზე პოლიტიკური პარტიების ურთიერთობის მიმართულებით ბევრია გამოსასწორებელი და ეს მხოლოდ სახელისუფლებო ველს არ ეხება. პოლიტიკური კულტურა, რომელიც საქართველოს გააჩნია, საერთაშორისო სტანდარტს ჩამორჩება, თუმცა საზოგადოება სწორ დასკვნებს აკეთებს. ოპოზიცია თავისი პოლიტიკური სახის შესახებ უნდა დაფიქრდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
rustavi2.ge