აშშ-ში 50 წლის სტეისი ერჰოლთსი, რომელიც მიელომას კიბოთი (ძვლის ტვინის სიმსივნური დაავადება) იყო დაავადებული, წითელას ვირუსის საშუალებით სრულად განკურნეს.
ერჰოლთს გავლილი ჰქონდა ქიმიოთერაპია და რამდენიმე ურთულესი ოპერაცია, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და სიმსივნემ ორგანიზმში გავრცელება გააგრძელა. ბოლოს მას სიმსივნე შუბლის არეშიც გაუჩნდა, რომელმაც თითქმის მთლიანად გაანადგურა შუბლის ძვალი.
სიტუაციის ასე დამძიმების შემდეგ, ექიმებმა ექსპერიმენტულ მეთოდს მიმართეს. მათ სტეისი ერჰოლთსის ორგანიზმში 100 მილიარდი ერთეული წითელას ვირუსი შეიყვანეს. ეს დოზა საკმარისია 10 მილიონი ადამიანის ინფიცირებისთვის. შეყვანიდან 5 წუთის შემდეგ, პაციენტს ძლიერი თავის ტკივილები დაეწყო. ორი საათის შემდეგ იგი აკანკალდა და ტემპერატურა აუვარდა.
ვირუსის შეყვანიდან 36 საათის შემდეგ, სიმსივნემ შემცირება დაიწყო. რამდენიმე კვირაში, შუბლზე განვითარებული სიმსივნე გაქრა, ხოლო შემდეგ მიელომა მთელი ორგანიზმიდან გაქრა.
სტეისი ერჰოლთსის ექიმმა სტეფან რასელმა განაცხადა, რომ მათ მოახდინეს წითელას ვირუსის მოდიფიკაცია ისე, რომ ვირუსმა გასამრავლებლად დაავადებული უჯრედები გამოიყენოს. ამის შედეგად, ეს უჯრედები სკდებიან და ამით ახალი ვირუსები იბადებიან. ექიმი აქვე აღნიშნავს, რომ ამ მკურნალობამ ორიდან მხოლოდ ერთ პაციენტზე იმუშავა.
სტეფან რასელის თქმით, ექიმებმა ამ შემთხვევით დაადგინეს, რომ ასეთმა მკურნალობამ, შესაძლოა, შედეგი გამოიღოს. ასევე, გაირკვა რომ ასეთი მკურნალობის წარმატებისთვის, საჭიროა, რომ პაციენტში დიდი დოზით იყოს შეყვანილი ვირუსი და ამ ვირუსისთვის ორგანიზმს უკვე გამომუშავებული ანტისხეულები არ უნდა ჰქონდეს (არ უნდა იყოს აცრილი და არ უნდა ჰქონდეს ეს ვირუსი მოხდილი).
აღსანიშნავია, რომ ასეთი მკურნალობის შემოღებისთვის საჭიროა ცდების ჩატარება სახელმწიფოს მეთვალყურეობის ქვეშ. ექიმების განცხადებით, ხშირად ძალიან პერსპექტიული მკურნალობის გზები ამ ცდებს ვერ უძლებს ხოლმე.