2022 წლის 24-26 ოქტომბერს იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ასოციაცია, DMO იმერეთმა ასოციაცია „ჩაის გზის“ 12 წევრს და პროექტის „გურიის სტუმარ-მასპინძლობის გზის“ მონაწილეებს უმასპინძლა. გურიიდან იმერეთში დელეგაციის ჩასვლის მიზანი იყო იმერეთში არსებული საოჯახო სასტუმროების მონახულება და იმ სპეციფიკაციების გაცნობა, რაც ამ ბიზნესს ახასიათებს. ინფო-ტურის მონაწილეებს ჩაუტარდათ სასწავლო-გაცნობითი ტრენინგი, იმერული სამზარეულოს კერძების მასტერკლასები. ამასთანავე, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით ასოციაციის წევრები ესტუმრნენ იმერეთის რეგიონში მოქმედ საოჯახო სასტუმრო სახლებს, ჩაის საწარმოებს და მოინახულეს იმერეთის ტურისტული ღირსშესანიშნაობები. პროექტი, ბახვი ჰესის და USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივი მხარდაჭერით ხორციელდება.
„შემიძლია ამ ტურს ვუწოდო საუცხოო გზამკვლევი. ხანგრძლივი სამეურნეო, თუ შემოქმედებითი შრომის მიუხედავად, ფეხი ახლახანს შევდგი მცირე ბიზნესში. ეს ტური ჩემთვის გეგმაზომიერი, სწორი, მიზანმიმართული მუშაობის ხელშემწყობია. უღრმესი მადლობა ორგანიზატორებს, ასევე დიდი მადლობა ასოციაცია „ჩაის გზას“, ბახვი ჰესს და USAID-ს, რომლებიც ზრუნავენ ჩვენს პროფესიონალიზმზე და წარმატებულ მუშაობაზე”, _ განაცხადა მარინა ჩიხლაძემ, ადგილობრივი საოჯახო ბიზნესის, სოფელ ჭანითში „სამზეურას“ მფლობელმა.
„ამ სასწავლო ტურის ფარგლებში მიღებული ემოციები, ენერგია და მუხტი განაპირობებს ჩვენს განვითარებას და მომავალ პრესპექტივებს. გამოცდილების გაზიარება შედგა ყველა საკითხში. კოლეგებისგან გურიაში წამოგვყვა სითბო და დიდი სიყვარული. გვაჩუქეს დაუვიწყარი სამი დღე“ – ამბობს კესო მახარაძე, „ტაბერნე გურიას“ მფლობელი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ტელმანი.
ასოციაცია „ჩაის გზის“ მიზანია სტუმარ-მასპინძლობის სექტორის გაძლერება, ასევე გურული ჩაის მწარმოებლების ხელშეწყობა, რათა შეიქმნას ერთიანი სტანდარტი და გაუმჯობესდეს გურული ჩაის ხარისხი.
„ასოციაციის წევრებისთვის აღნიშნული ტური ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია მათი განვითარების კუთხით. თითოეულმა მათგანმა აღნიშნა, რომ გაზიარებული გამოცდილება მათ დაეხმარება სერვისების გაუმჯობესებაში, ახალი ტურისტული პროდუქტების დანერგვასა და განვითარებაში, რათა ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორს შესთავაზონ დაუვიწყარი მომსახურება გურიის სოფლების ავთენტურ გარემოში“ – განაცხადა ჩაის გზის ასოციაციის სტუმარ-მასპინძლობის მიმართულების მენეჯერმა, ია ურუშაძემ.
ინფო-ტურის დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის, DMO იმერეთის და USAID-ის ერთობლივი სერტიფიკატები.
(R)