ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში” ხანძრის შედეგად გარდაცვლილებს დღეს დაკრძალავენ. ხუთ გარდაცვლილს ბათუმში ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენებენ. 14:00 საათზე მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი ჩაატარებს.
ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი, მათგან საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე. დაშავდა 21 ადამიანი, მათგან ერთი ისრაელის მოქალაქეა, 5 კი – თურქეთის. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს. ხანძარი სასტუმრო „ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს, დაახლოებით, 20:00 საათზე გაჩნდა.
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით სასტუმრო „ლეოგრანდში” დაღუპული საქართველოს მოქალაქეების დაკრძალვის ხარჯების დაფარვის მიზნით, თითოეული გარდაცვლილის ოჯახს 10 000 ლარი გადაეცემა.