სოციალურ ქსელში აჭარის ტელევიზიის თანამშორმლების ერთი ნაწილი საზოგადოებას უზიარებენ ინფორმაციას, რომ არხზე ყველა პოლიტიკური გადაცემა გაურკვეველი დროით დაიხურა.
„მეგობრებო, ხუთშაბათს, 21:00-ზე ვეღარ შეგხვდებით აჭარის ტელევიზია • Ajara TV – საზოგადოებრივი მაუწყებელი –ის პირდაპირ ეთერში.
ბოდიშს გიხდით, რომ უკვე ვერ შემოგთავაზებთ განსხვავებულ მოსაზრებებს, კრიტიკულ აზრს, საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ადამიანების ანალიზს…
ბოდიში, რომ კონსტიტუციის დაცვის საშუალება ამჯერად არ მეძლევა..
ბოდიში, რომ ვეღარ ვიცავ კანონს “მაუწყებლობის შესახებ” და ვეღარ ვასრულებ ვალდებულებებს, რომელიც პირველ რიგში, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებას გულისხმობს…“ _ წერს პოლიტიკური გადაცემის „სათქმელის“ წამყვანი ირინა ყურუა.
მის მიერ გავრცელებულ ტექსტში ასევე აღნიშნულია:
„ბოდიში, რომ ამ კვირის ხუთშაბათს პირდაპირი ეთერიდან უკვე ვერ გეტყვით, რომ რუსეთი ოკუპანტია; რომ მიუღებელია ძალადობა მედიაზე, საკუთარ მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე;
გადაცემა “სათქმელის” და სხვა გადაცემების გაჩერების საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და დღეს პირისპირ შეხვედრისას დამიდასტურა დირექტორმა – ლადო ტატიშვილმა.
ვფიქრობ, რომ ახლა როგორც არასდროს, უნდა მოვიკრიბოთ პროფესიონალიზმი და საზოგადოებას კი არ დავემალოთ, არამედ, ყველა გადაცემიდან ველაპარაკოთ სიმართლეზე და რისკებზე.
გაჩერებულია ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. მუშაობს მხოლოდ საინფორმაციო სამსახური და საინფორმაციო გამოშვება.
რა იქნება მომავალ კვირას ან ზოგადად _ მომავალში, გაურკვეველია!“
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ლადო ტატიშვილის თქმით, გადაწყვეტილება „არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე“ მიიღო, რომ გააშუქონ ყველა მნიშვნელოვანი ამბავი, თუმცა იგი ვერ აზუსტებს, რატომ არ შეიძლებოდა ტოქშოუებისა და პირდაპირ ეთერში მიმდინარე გადაცემების ფონზე ყველა მნიშვნელოვანი ამბის გაშუქება და ამავე დროს, იგი ვერ ამბობს, რა მასალა გავა ტელეეთერში ამ გადაცემების ნაცვლად.
„საგანგებო მდგომარეობაზე ვართ გადასული, შესაბამისად, რა როდის შეგვყავს, რა როდის გამოგვყავს, ბრიფინგია თუ რამე, არ დაგვრჩეს, ამის გამო ლაივგადაცემებია გაჩერებული. რომელიმე კონკრეტული არა, ყველა ლაივგადაცემა“, _ ამბობს ლადო ტატიშვილი.