სპეციალური მასწავლებელი შესაბამისი ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის მქონე პირია, რომელიც საგნის მასწავლებელთან ერთად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე(ებ)ს ასწავლის და მათ სხვადასხვა უნარის განვითარებაში ეხმარება.
2020 წლის 26 ივნისს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც სპეციალურ მასწავლებლებს პრაქტიკოსის სტატუსი მიენიჭათ. მათთვის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდა წელს პირველად ჩატარდა. სპეციალურმა მასწავლებლებმა, რომლებმაც გამოცდა წარმატებით ჩააბარეს, უფროსის სტატუსი მოიპოვეს და შესაბამის დანამატსაც იღებენ.
რა შეიცვალა სპეციალური მასწავლებლების სქემაში ჩართვით?
თუ აქამდე სპეციალური მასწავლებლები სკოლის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდნენ, ახლა მათ, ისევე, როგორც სხვა პედაგოგებს, ხელფასს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ურიცხავთ. ეს კი მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რადგან აქამდე, ხშირ შემთხვევაში, სკოლები თანხებს ზოგავდნენ და სპეციალურ მასწავლებლებს საჭირო რაოდენობით არ ასაქმებდნენ. ამჯერად, მათ ეს „ტვირთი“ აღარ აქვთ.
რაც შეეხება ანაზღაურებას, 1-დან 5 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო დაახლოებით 500 ლარია, სტატუსის დანამატი კი მათ მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით ეძლევათ.
კანონის მიხედვით, სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი უფროსი სპეციალური მასწავლებლისათვის შეადგენს:
ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 370 ლარს;
ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 420 ლარს;
სამი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 470 ლარს;
ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 520 ლარს;
ხუთი და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 570 ლარს;
წამყვანი სპეციალური მასწავლებლისათვის კი სტატუსის დანამატი ასეთი იქნება:
ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 550 ლარს;
ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 650 ლარს;
სამი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 750 ლარს;
ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 850 ლარს;
ხუთი და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 950 ლარს.
საჯარო სკოლებში სსსმ და შშმ მოსწავლეების დიდი რაოდენობა არაა, შესაბამისად, შესაძლოა ასეთი მოსწავლეების სკოლიდან გადასვლის ან სკოლის დასრულების შემდეგ კონკრეტულ სკოლაში სპეციალური მასწავლებლების საჭიროება აღარ არსებობდეს.
რა ხდება, როდესაც სკოლას სსსმ და შშმ მოსწავლე აღარ ჰყავს? დგება თუ არა სპეციალური მასწავლებლის სკოლიდან გაშვების საკითხი?
ამ თემაზე გადაწყვეტილება დირექტორის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ დროს დირექციას უფლება აქვს სპეციალური მასწავლებელი სხვა თანამდებობაზე დაასაქმოს, თუმცა მისი ანაზღაურება განსხვავებული იქნება. როგორც აღვნიშნეთ, სპეციალურ პედაგოგებს ხელფასს სამინისტრო აძლევს, დანამატი კი მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით ეძლევათ. სკოლაში სხვა სტატუსით დასაქმების შემთხვევაში, მაგალითად, ფსიქოლოგად, მეტყველების თერაპევტად და ა.შ. მათ იმ თანამდებობის შესაბამისი ანაზღაურება ექნებათ, რაზეც დანიშნებიან, მათი ხელფასი კი სკოლის ბიუჯეტიდან გაიცემა.