სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტებისშემაჯამებელი ანგარიში მოამზადა.
დოკუმენტი საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზეც გამოქვეყნდა. ანგარიშის ერთ-ერთი ნაწილი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსებას შეეხება.
უწყება 12 მუნიციპალიტეტის მონაცემებს აქვეყნებს, სადაც 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაიზარდა.
მაგალითად, თბილისის მერის პირველი მოადგილის ანაზღაურება 113.6 პროცენტით გაიზარდა, მერის მოადგილის კი 119.6 პროცენტით.
ამასთან, თბილისის საკრებულოში (თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე და ფრაქციის თავმჯდომარე) ანაზღაურება 60 პროცენტით იყო გაზრდილი.
2018 წელს შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაიზარდა ასევე ვანის, თეთრიწყაროს, წალკის, რუსთავის, ქუთაისის, ახალქალაქის, მარნეულის, ნინოწმინდის, ბოლნისის, ბორჯომისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში.
აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2018 წლიდან საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების წესი და თანამშრომლების წახალისების სისტემა დარეგულირდა საქართველოს კანონით „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“.
აღნიშნული კანონით განისაზღვრა თვითმმართველობებში დასაქმებულ პირებზე გასაცემი შრომის ანაზღაურების ზღვრული ნორმები. კერძოდ, 2018-2020 წლებში მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირებს შრომის ანაზღაურება უნდა მიეცეს 2017 წელს გაცემული საშუალო თვიური ანაზღაურების მიხედვით.
„მუნიციპალიტეტებს, რომელთა თანამდებობის პირები 2017 წელს იღებდნენ დიდი ოდენობის პრემიებს, კანონის აღნიშნულმა ჩანაწერმა საშუალება მისცა 2018 წლიდან მნიშვნელოვნად გაეზარდათ თანამდებობის პირების ხელფასები“, – მიუთითებენ აუდიტის სამსახურში.
უწყება საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებსაც მიმართავს, რათა იმსჯელონ მუნიციპალიტეტებში შრომის ანაზღაურების საკითხების დარეგულირებაზე.
„ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით ჩამოყალიბდეს სამართლიანი და ერთგვაროვანი მიდგომა თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების კუთხით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.