საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გორის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მეჯვრისხევისა და ახალუბნის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, “მაცხოვრებლებთან საუბარში გამოიკვეთა, რომ სამწუხაროდ, სოფლებში დღემდე მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, შეზღუდულია სხვადასხვა პროგრამების, მათ შორის, სოციალური და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა. ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს მოსახლეობის, მეტწილად კი ახალგაზრდების საცხოვრებელი ადგილებიდან მიგრაცია, რაც ქვეყანას საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიების დაცარიელების საფრთხეს უქმნის”.
„აუცილებელია, სახელმწიფოს განსაკუთრებული მიდგომა ჰქონდეს ამ 83 სოფლის მიმართ და ყველაფერი გაკეთდეს, რათა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა არ შემცირდეს, ვინაიდან სადაც არ ვიქნებით ჩვენ, ყოველთვის არის საფრთხე, რომ მოვა სხვა, ვინც ჩვენს ადგილს დაიკავებს,“ – განაცხადა სახალხო დამცველმა



































































