თავდაცვის ძალების ოფიცერმა, კაპიტანმა გიორგი ქავთარაძემ, აბაშა-სენაკის გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული ორი მოქალაქე გადაარჩინა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ კაპიტან გიორგი ქავთარაძეს ესაუბრა.
როგორც ქავთარაძის მონაყოლიდან ირკვევა, მან შეჯახების შედეგად დაშავებული ქალი და მამაკაცი ჯერ მანქანიდან გადმოიყვანა, შემდეგ კი პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია. მოგვიანებით, ორივე დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
თავდაცვის ძალების ოფიცერი ამბობს, რომ ავარიის ადგილას შემთხვევით აღმოჩნდა და გააკეთა ის, რისი გაკეთებაც იცოდა.
„მოვდიოდი ქუთაისიდან სენაკის ბაზის მიმართულებით. არასდროს შემქმნია რამე სახის პრობლემა ავტომობილთან დაკავშირებით, მაგრამ იმ დილას მანქანა არ დაიქოქა. შემდეგ გზად შევყოვნდი, ამ დროს კი გადამისწრო ავტომობილმა და შესაბამისად, მეც მათ უკან ნელა მივყვებოდი.
მოსახვევში დავინახე, რომ ავტომობილი, რომელიც ჩემ წინ მოძრაობდა, მოსრიალებულიყო და საკმაოდ დაზიანებულიყო. მივედი ავტომობილთან და გადმოვიყვანე პირველი მგზავრი, რომელსაც აღენიშნებოდა სისხლდენა და მითხრა, რომ მანქანაში იმყოფებოდა მისი მეუღლე და მთხოვა, გადამერჩინა. ავტომობილში წინ არავინ ჩანდა, უკანა სავარძელზე კი დავინახე ქალბატონი, ვერ სუნთქავდა. ლეტალური მდგომარეობა იყო. გავუხსენი პირი და ნატეხებისგან ამოვუწმინდე, რაც ხელს უშლიდა სუნთქვაში. მივხვდი, რომ დაზიანებული ჰქონდა ყბის აპარატი და შესაბამისად, ზედმეტი მოძრაობით შეიძლება უფრო უარესი მომხდარიყო. როდესაც დავრწმუნდი, რომ ეს ქალბატონი კარგად იყო, გავიქეცი ჩემი მანქანისკენ, სადაც პირველადი დახმარების პაკეტი მქონდა და შევუდექი ამ კაცის ხელების დამუშავებას სპირტით და შემდეგ გადავუხვიე, მოკლედ შევუჩერე სისხლდენა. ამასობაში მოვიდა სასწრაფოც. ამ დროის განმავლობაში კონტაქტზე ვიყავი ქალბატონთანაც, პულსს ვუზომავდი და ვეუბნებოდი კონტაქტზე გამოსულიყო. შემთხვევით აღმოვჩნდი მოცემულ ადგილას და გავაკეთე ის, რაც ვიცოდი“, _ გვიამბო კაპიტანმა ქავთარაძემ.