“სამხრეთის კარიბჭეს” ინფორმაციით, დღეს, 22 აგვისტოს, დაახლოებით 01:00 საათზე ბორჯომის შესასვლელთან ავარია მოხდა. ერთმანეთს ტოიოტას მარკის ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა, შემთხვევის შედეგად ორი პირი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით მსუბუქ ავტომობილში ხუთი პირი იმყოფებოდა. ავარიის შემდეგ, თავდაპირველად სამი დაშავებული ბორჯომის კლინიკაში გადაიყვანეს.
ბორჯომის ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკური მენეჯერის, დავით ტაბატაძის განცხადებით, დაშავებულებიდან ერთს მოტეხილობები აღენიშნებოდა.
„სამი პირი შემოიყვანეს, ერთი მოტეხილობით, სტაბილური მდგომარეობა ჰქონდათ სამივეს. მოგვიანებით კი ყველა მათგანი თბილისში გადაიყვანეს“,- განუცხადა „სამხრეთის კარიბჭეს“ დავით ტაბატაძემ.
მომხდარზე შსს–მ გამოძიება სსკ–ს 276–ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროს ექსპერტის, დავით მერაბიშვილის განცხადებით, გარდაცვლილებს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდათ.































































