ავჭალაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით კიდევ ერთი არაოფიციალური ინფორმაცია ვრცელდება, რომლის თანახმადაც ჩაცხრილული მამაკაცი ვალერიან ნემსიწვერიძე ე.წ. ციხის ბუნტის ერთ-ერთი ორგანიზატორია.
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახა მურადაშვილმა, რომელიც ავჭალაში, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, უპასუხა, რომ შსს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.
გავრცელებული ცნობით, ნემსიწვერიძე 2013 წელს, ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა. გარდა ამისა, მედიის ინფორმაციით, მას 2004-2008 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატის კახა გიუაშვილის მკვლელობის დაგეგმვას ედავებოდნენ, რომელიც საქმის ფიგურანტ დავით მინდაძეს უნდა შეესრულებინა.
მოგვიანებით კი დავით მინდაძემ და ვალერიან ნემსიწვერიძემ საქართველოს სტრასბურგში უჩივლეს და სახელმწიფოს საქმე მოუგეს.