ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა,”ავღანეთის ვეტერანთა საქართველოს კავშირის” წევრებმა და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის 31-ე წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში, ზღვის უბანში, ავღანეთში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
მემორიალთან, მამა ვახტანგმა (გოგოლაძე) დაღუპული მეომრების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
საგანგებოდ ამ დღის აღსანიშნავად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს “არმი ჰოლში” საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ბრიგადის გენერალი, ირაკლი ძნელაძე, ”ავღანეთის ვეტერანთა საქართველოს კავშირის” თავმჯდომარე, ნუგზარ კახნიაური, ავღანეთის ომის ვეტერანები, ავღანეთში სამშვიდობო მისიის მონაწილე ჯარისკაცები, ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა დოკუმენტური ფილმის „სადაურსა სად წაიყვან” ჩვენება, რომელშიც მოთხრობილი იყო საუკუნეების განმავლობაში ავღანეთში წარმოებულ ომებში ქართველი მებრძოლების მონაწილეობის და იმ განსაკუთრებული წვლილის შესახებ, რომელიც დღეს შეაქვთ ქართველ ჯარისკაცებს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში.
ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა, საბჭოთა ჯარებმა, 1989 წლის 15 თებერვალს დატოვეს. ავღანეთში, 9 წლის განმავლობაში, საქართველოდან 5000-მდე ჯარისკაცი იბრძოდა, 128 დაიღუპა, 6 კი _დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
(R)