ავღანეთში, გოგომ ,,თალიბანის“ ორი მებრძოლი მოკლა, რამოდენიმე კი დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას gulfnews ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული შემთხვევა გასულ კვირას მოხდა, როდესაც მოზარდის ოჯახს ,,თალიბანის“ წევრები თავს დაესხნენ და მშობლები დაუხოცეს.
Gulfnews-ის ინფორმაციით, თალიბანის წევრები, ოჯახს მთავრობის მხარდაჭერის გამო დაესხნენ, როდესაც, მათ ოჯახის სახლს მიაგნეს, მოზარდი გოგოს მამა გარეთ გაათრიეს, მისმა ცოლმა კი მებრძოლებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც წყვილი სახლთან მოკლეს.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ქამარ გულმა, ოჯახის კუთვნილი AK-47 ტიპის იარაღი აიღო და ჯერ მშობლების მკვლელები დახოცა, შემდეგ კი რამდენიმე სხვა მებრძოლი დაჭრა.
როგორც გამოცემა წერს, სამართალდამცველების ინფორმაციით, მოზარდი 14-16 წლისაა. ინციდენტის შემდეგ სოფელში ,,თალიბანის“ კიდევ რამდენიმე მებრძოლი მივიდა, თუმცა ადგილობრივებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს.
ქამარ გული და მისი უმცროსი ძმა მთავრობის წარმომადგენლებმა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
გოგონას საქციელს, სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოყვა და ,,გმირულს“ უწოდებენ.































































