თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აგვისტოს ბოლოდან ან სექტემბრის დასაწყისიდან, შესაძლოა, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მეოთხე ტალღა იყოს, მაგრამ ის განვლილი ეტაპებისგან განსხვავებით, მსუბუქი იქნება.
„ჩემი მოსაზრებაა, რომ მეოთხე ტალღა შესაძლოა იყოს, მაგრამ ის იქნება გაცილებით რბილი. რა მაძლევს ამის თქმის საშუალებას? სექტემბრისთვის გაცილებით მეტი ადამიანი იქნება საქართველოში ვაქცინირებული, ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება და გაცილებით მეტი კოვიდგადატანილი გვეყოლება. ანუ გაცილებით დიდი იქნება ის ფენა, რომელთაც აქვთ იმუნიტეტი. მთლიანად ავიცილებთ თუ არა თავიდან მეოთხე ტალღას, ეს დამოკიდებულია ჩვენზე. ზაფხულში თუ გავუძლებთ და არ შევამცირებთ პირბადეების გამოყენებას, პირბადეების მასობრივი ხმარება იქნება, დიდი ალბათობით, მეოთხე ტალღა არ იქნება. ყოველ შემთხვევაში, ის არ იქნება შესამჩნევი. ხოლო ჩემი ვარაუდით, წლის ბოლოსთვის საქართველოში პანდემია იქნება დაძლეული. დარჩება ერთეული შემთხვევები, ერთეულ შემთხვევებს ვერ აღმოვფხვრით, მაგრამ კლინიკური სექტორი ისე იოლად გაუმკლავდება, რომ ის ადამიანების ნორმალურ ცხოვრებაზე გავლენას არ მოახდენს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.