ავტოსატრანსპორტო საშუალებების მინების დამუქების წესი შეიცვალა – 26 მარტს შს მინისტრმა შესაბამის ბრძანებაში ცვლილებების შეტანას ხელი მოაწერა.
ცვლილების თანახმად, დასაშვებია დამუქებული მინები – ავტოსატრანსპორტო საშუალების მინების შუქგამტარობის შემცირება წინა გვერდითა მინებზე 40%-ზე მეტი ოდენობით, მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებზე 75%-ზე მეტი ოდენობით, ხოლო წინა საქარე მინაზე 30%-ზე მეტი ოდენობით, ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის (მწარმოებლის) მიერ;“.
სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანხმობას
1. საქართველოს ტერიტორიაზე იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის მინების შუქგამტარობის შემცირება არ აღემატება წინა გვერდითა მინებზე 40%-ს, ხოლო მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებზე – 75%-ს, არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანხმობას.
2. სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე შუქგამტარობის შემცირება აკრძალულია, გარდა ამ მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანხმობას არ საჭიროებს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის წინა საქარე მინაზე შუქგამტარობა შემცირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის (მწარმოებლის) მიერ და შუქგამტარობის შემცირება არ აღემატება 30%-ს.“.
ცვლილება უკვე ძალაშია და მისი ნახვა შეგიძლიათ საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე.