ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურის ცენტრში გუშინ მოხდა.
დაბის ცენტრალურ გზაზე გამოსულმა ცხენების რემამ ჯერ ავტოსაგზაო მოძრაობა შეაფერხა, შემდეგ კი ერთ-ერთ ავტომობილს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად ერთი ცხენი დაშავდა _ როგორც გვითხრეს, მას ფეხი აქვს მოტეხილი. დაზიანებულია ავტომობილი, რომლის მძღოლმა ცხენების შეჯახების შედეგად მცირე დაზიანება მიიღო.
ჩოხატაურელების თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის და ცხენებისა და ძროხების ცენტრალურ ქუჩებზე თავისუფლად გადაადგილების გამო ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე ავარია მოხდა.
ადგილობრივები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ეს საკითხი სასწრაფოდ დაარეგულირონ და ქუჩაში მოძრაობა, როგორც მძღოლებისთვის, ასევე ქვეითად მოსიარულეთათვის უსაფრთხო გახადონ:
_ ყველა ნორმალურ ქალაქში არსებობს წესები, დადგენილება, რომ ქუჩებში ცხენებმა და ძროხებმა ასე არ იარონ და საფრთხე არ შექმნან. თუმცა, ჩოხატაურში, სადაც 4 წლის მანძილზე ისიც კი ვერ მოახერხეს, რომ საგზაო ნიშნები დაედგათ და ქუჩები წესიერად დაეხაზათ, როგორც ჩანს ეს არავის ადარდებს. მაინდამაინც სავალალო შედეგი უნდა დადგეს, რომ რეაგირება მოახდინონ?, _ აღნიშნავენ ჩოხატაურელები.