ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-ლილოს გზაზე. მომხდარის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს „ფოლცვაგენის“ და „ჰონდას“ მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, შეჯახების შედეგად „ფოლცვაგენის“ მარკის ავტომობილში დამონტაჟებული ბუნებრივი აირის ბალონი აფეთქდა.
ავარიის შედეგად დაშავებული 2 ადამიანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა „კლინიკა რუსთავში“ გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.