აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება – შემოდის ახალი სახის ჯარიმები, კანონით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა კი, იზრდება.
პარლამენტში განსახილველად წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ცვლილებებს “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც“ ითვალისწინებს.
პროექტით დგინდება, რომ აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის მოწყობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის მოწყობის ორგანიზატორის, ლოტოს მოწყობის ორგანიზატორის და ბინგოს მოწყობის ორგანიზატორის შესახებ რეკლამის გავრცელების ან აბრის განთავსების წესის დარღვევა გამოიწვევს რეკლამის განმათავსებლის და ასეთი რეკლამის განთავსების დამკვეთის დაჯარიმებას თითოეულისათვის 10 000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელდადებულის მიერ იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
ამასთან, ადმინისტრაციულსახდელდადებული ვალდებული იქნება, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 კვირის ვადაში თავისი ხარჯით უზრუნველყოს იმ წესების დაცვა, რომელთა დარღვევის გამო მას ადმინისტრაციული სახდელი დაედო.
იზრდება აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობისთვის დაშვების ასაკობრივი ზღვარი და ჯარიმის ოდენობა – ნაცვლად 5000 ლარისა, განისაზღვრა 10 000 ლარის ოდენობით.
პროექტის მიხედვით, დამოკიდებულ პირთა სიაში და აკრძალულ პირთა მონაცემთა ბაზაში შეტანილი პირების აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილას და თამაშობაში მონაწილეობისთვის დაშვების წესების დარღვევისთვის განისაზღვრა პასუხისმგებლობა და შესაბამისი ჯარიმა, რომლის ოდენობა 10 000 ლარს შეადგენს, ხოლო განმეორებითი დარღვევისთვის – 20 000 ლარის ოდენობით.
წყარო: ინტერპრესნიუსი