რუსული ავიაკომპანია “აზიმუტის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ კომპანია მოსკოვიდან ბათუმის მიმართულებით, ასევე სოჭიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს.
საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ფრენები “ვნუკოვოს” აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით 9 ოქტომბრიდან დაიწყება, სოჭიდან თბილისის მიმართულებით კი 11 ოქტომბრიდან.
რუსული კომპანიის ცნობით, სოჭი-თბილისი-სოჭის რეისები ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება, მოსკოვი-ბათუმი მოსკოვის მიმართულებით კი ორშაბათს და ხუთშაბათს.
“აზიმუტმა” საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 15 მაისს მიიღო. კომპანია მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით, კვირაში შვიდი სიხშირით დაფრინავს.