თითქმის ათი წელი ხდება, რაც აზიური მავნებელი ფაროსანა საქართველოს ტერიტორიაზე გამოჩნდა. პირველად ის 2015 წელს, აფხაზეთის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. შემდეგ გამოჩნდა გურიაში, შეკვეთილში.
“გურია ნიუსი” ერთ-ერთი პირველი საუბრობდა ამ მავნებლის გამოჩენის შესახებ. ვრცელ და კომპეტენტურ ინფორმაციას გვაწვდიდა ცნობილი მეცნიერი, ანგელინა ნიკოლაიშვილი.
მავნებელმა სერიოზული ზიანი მიაყენა ხეხილოვან კულტურებს, საყანე ფართობებს. სახელმწიფომ სერიოზული ბრძოლა დაიწყო მავნებლის წინააღმდეგ, თუმცა, სხვადასხვა წელს, მავნებლის კლებისა თუ მატების პროცესი, უკვე რვა წელია, არაპროგნოზირებადია. მისი საბოლოო განადგურება კი შეუძლებელი გახდა. უფრო მეტიც, განსაკუთრებული მატება მოხდა 2025 წლის მიწურულს. ახლა ფაროსანას რაოდენობა ბევრად სჭარბობს შარშანდელს, სურათი მეტად მძიმეა.
მოსახლეობას ახსოვს ამერიკული თეთრი პეპელა, რომელსაც, ასევე, წლების მანძილზე ებრძოდნენ. მისი განადგურება შესაძლებელი გახდა. ფაროსანა, პეპელასგან განსხვავებით (რომელიც მცენარის ფოთლებით იკვებებოდა), პოლიფაგიური, ანუ საკვების ფართო სპექტრის გამომყენებელია. სხვადასხვა ხილს, ციტრუსოვნებს, ბოსტნეულს, დეკორატიულ მცენარეებს აქტიურად ეტანება და უკვე მრავალი წელია, ხალხი მიეჩვია იმას, რომ სხვადასხვა ხილი _მსხალი, თხილი, მანდარინი, თითქმის, ყველგან უვარგისია დასავლეთ საქართველოში.
გურიაში, წლევანდელი სეზონი განსაკუთრებით ხელსაყრელი აღმოჩნდა ფაროსანასთვის, რადგან ადგილობრივ მცხოვრებლებსა და ფაროსანასთან ბრძოლის შტაბს შორის, რომელიც მჭიდრო კომუნიკაციაშია სეს-ის რეგიონულ სამმართველოსთან, მუდამ საკმაოდ შეუთანხმებელი პოზიცია ფიქსირდებოდა. კერძოდ, მოსახლეობა უნდობლად უყურებს თერმული ნისლით დამუშავების თუ პესტიციდებით შეწამვლის პროცესს. მიიჩნევენ, რომ ეს პროცესი ფაროსანას ნაკლებად კლავს და გარემოს კი _ ბაღ-ბოსტნებს მეტად აზიანებს.
არადა, 2017 წლიდან ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შესახებ, უკვე პარლამენტში მოისმინეს ანგარიში. ხოლო ამ გამოცდილების საფუძველზე დაამტკიცეს “აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამა”.
იმთავითვე პროგრამის მიზანი მავნებლის პოპულაციის შემცირება იყო, რაშიც სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთობლივი ჩართულობა უნდა მომხდარიყო.
დღემდე ამაზეა დავა და სამწუხაროდ, მავნებელი აზიური ფაროსანა კვლავ არნახული ძალით უტევს გურიის სოფლებს, ტყეებს. ახლა, შემოდგომის მიწურულს, როცა მავნებელი მთიდან ისევ ბარში ბრუნდება და თავს აფარებს სახლებს, ნებისმიერ ნაგებობებს, ფუღუროებს, იმდენად მოზღვავებული იყო, რომ მოგერიებას ვეღარ აუდიოდა თითოეული ოჯახი. მოსახლეობა, რომელიც გაზაფხულზე წინააღმდეგობას უწევდა სპეციალური ტექნიკის სოფლებში შეყვანას და თერმული ნისლით დამუშავებას, ახლა ითხოვდნენ, ოღონდაც მოდით და შეწამლეთო.
_ მითი, მხოლოდ დიზელის საწვავიტ მცენარეთა შეწამვლაზე, უსაფუძვლოა. როცა ამბობენ, თითქოს, ვიღაც შესაწამლ ნივთიერებებს მალავს და დოზირებისას დიზელის დიდ რაოდენობას მოიხმარენ, რაც შედარებით იაფი ღირს, სპეკულაციაა. იძახიან, რომ სწორედ ესაა მიზეზი, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლას შედეგი არ აქვს. ჯერ ერთი, სოფლებში როცა მიდიან მანქანები, ადგილზე, მერის წარმომადგენლის და ადგილობრივ მცხოვრებთა თვალწინ ხდება წამლის გახსნა და შეზავება, რომ რაიმე ეჭვი არ დარჩეს. ასე ხდება ივსება მანქანების ავზები და მერე ხდება გარემოს დამუშავება. მიუხედავად ამისა, წელს მაინც დიდი იყო წინააღმდეგობა, რომ სოფლის ცენტრის ან შემოგარენის გარდა, სადმე თერმული დამუშავება მომხდარიყო _ ხალხმა არ შეუშვა. შედეგი კი სახეზე გვაქვს. ახლა დამხვდა ერთი და შემოდით და შეგვიწამლეთო, სახლში შეასხითო. ასეც არ შეიძლება, _ გვეუბნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ბახვში კახი მგელაძე.
მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სოფელ ბოხვაურში, ირაკლი ჩავლეშვილმა გვითხრა, რომ აქ ჩატარებულია, როგორც წერტილოვანი, ისე, თერმული დამუშავება.
_ მე, პირადად, ჩემს საკარმიდამო ნაკვეთში თავად პირველმა შევწამლე თერმული ნისლით. არ გაფუჭებულა ჩემი ბაღ–ბოსტანი და ხილი. ხალხი წინააღმდეგი იყო და არის თერმული და საერთოდ ყველანაირი დამუშავების. ძალიან ახლოს არ უნდა მოხდეს ბაღ–ბოსტნისთვის შესხურება, თორემ თუ მაინც ფაროსანა აფუჭებს, რა აზრი აქვს შეწამვლაზე უარის თქმას? ახლა იხვეწებიან, რომ მივიდნენ და შეწამლონ. გაზაფხულზე, როცა მავნებელი მრავლდება, კვერცხს დებს, მაშინ რომ უარს ამბობენ შეწამვლაზე, გამრავლდა. წავიდა მთებში და ახლა, შემოდგომაზე ერთისგან ორასი დაბრუნდა. ეს საქმეა? ერთობლივად უნდა მივუდგეთ ამ მავნებლის განადგურების საქმეს, თორემ ვერ მოვერევით. დაანებონ თავი ტყუილების ლაპარაკს, რომ “სალიარით” თუ რაღაც საწვავით წამლავენ თურმე თხილს თუ ვენახს.
უარესი შედეგი რომ მივიღეთ მაგ წინააღმდეგობით, ეს ჯობს? _ გვითხრა ჩავლეშვილმა.
რა ხდებოდა სოფელ ჭანიეთში გაზაფხულიდან? _ მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა უარი თქვა უბნებში სპეცტექნიკის შეყვანაზე.
_ სადღაც შორიდან შემოვუარეთ სოფელს, გავიარეთ ცენტრალურ გზაზე და სულ ეს იყო თერმული ნისლით დამუშავება. ახლა ყველა ყვირის, რომ მავნებელი შარშანდელთან შედარებით ხუთჯერ მეტია ანუ გაზაფხულზე დაიჩეკა. შეწამვლაზე უარის თქმამ ის შედეგი გამოიღო, რომ ერთი ორასად მოგვიბრუნდა უკან, _ ამბობს მერის წარმომადგენელი სოფელში ზაზა სალუქვაძე.
მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ კონჭკათში, დავით თოიძე გვეუბნება, რომ ყველა სოფელში ანალოგიური მდგომარეობაა. ხალხი გაზაფხულზე შეეწინააღმდეგა სრულფასოვან შეწამვლას და მავნებლის გამრავლებაც კატასტროფულად დაჩქარდა:
_ არაერთგზის გვაქვს ნათქვამი, გაგონილი, წაკითხული, რომ ერთი მავნებელი ორას კვერცხს დებს. მანქანა სპეციალურად მივიყვანე ჩემს ეზოსთან, დავანახე ხალხს, რომ შევაწამლინე. ხომ იძახიან, ეს შესხურება აფუჭებს ყველაფერსო? ჰოდა, ფაროსანაც რომ უარესად აფუჭებს, რა ვქნათ? ცოტა ზარალს, ასეც რომ იყოს, უნდა შევეგუოთ, რომ საბოლოოდ, მოხდეს მავნებლის განადგურება. თუ არა და, კი ვხედავთ, წელს უკუშედეგი გვაქვს, _ გვითხრა დავით თოიძემ.
მანვე აღნიშნა, რომ კონჭკათში ტყის მასივები შეიწამლა სპეციალური ტრაქტორებით. ხოლო მოსახლეობაში, მალე მოხდება გარემოს თერმული ნისლით დამუშავება.
ფაროსანასთან ბრძოლის გურია- აჭარის შტაბის (მდებარეობს აბაშაში) წარმომადგენელი, ბიძინა წულაძე “გურია ნიუსთან” ასეთ კომენტარს აკეთებს:
_ ის ჭორი, რომ თითქოს მარტო დიზელის საწვავით ხდება გარემოში თერმული შესხურება, სრული სისულელეა. სამი წელია, უკვე სოფელში შესვლის შემდეგ, მერის წარმომადგენლის და ადგილობრივი რამდენიმე მცხოვრებლის თვალწინ ხდება შეზავება წამალთან. შემდეგ ხდება შესხურება. ხალხი მაინც წინააღმდეგია. ხიდისთავში ვიყავი ახლახან ასული. გვთხოვეს, ტურისტები არიან და თავი შეიკავეთო, არ გვინდაო. ახლა ითხოვენ, რომ შეიწამლოს. ხალხის ჩართულობა და გონიერი მიდგომა თუ არ მოხდა, არაფერი არ ეშველება ამ საქმეს. ახლა ხომ დაინახა ყველამ, რა შედეგი გამოიღო სრულფასოვან თერმულ თუ წერტილოვან დამუშავებაზე უარის თქმამ. უარესი მოხდება მომავალში, თუ მოსახლეობა უფრო გონივრულად არ მიუდგება ამ საკითხს. ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ, რომ მეტი აგიტაცია ჩატარდეს და მოხდეს თანაბარი ჩართულობა ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად, როგორც სახელმწიფოს, ისე მოსახლეობის მხრიდან, _ გვითხრა ბიძინა წულაძემ.
ავტორი





























































