მიჩიგანის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მეცნიერების განცხადებით, სიგარეტისთვის თავის დანებება, თუნდაც 75 წლის ასაკში, სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის.
კვლევების მიხედვით, თუ დღეში 30 ღერ სიგარეტს ვეწევით, ამით უახლოეს 25 წელიწადში სიკვდილის რისკს 21%-ით ვზრდით.
ბოლო კვლევის თანახმად, მოწევისთვის თავის დანებება ნებისმიერ ასაკში შეიძლება და ეს ყველაფერი ჩვენს ჯანმრთელობაზე მალევე ისახება.
მეცნიერების მტკიცებით, 35-იდან 75 წლამდე ასაკის ადამიანებში სიგარეტისთვის თავის დანებება მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა.
თუ თქვენ სიგარეტის მოწევას 35 წლის ასაკში შეწყვეტთ, შანსი გეძლევათ საშუალოდ 8 წლით უფრო დიდხანს იცოცხლოთ.
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ეფექტი მნიშვნელოვანია ხანდაზმულების შემთხვევაშიც. ასეთ შემთხვევაში თქვენი სიცოცხლე შეიძლება 4 წლითაც გახანგრძლივდეს.