თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ახალ საეჭვო გარემოებებზე “შაბათის ფორმულაში” საქმის პირველმა გამომძიებელმა კიდევ ერთხელ ისაუბრა.
სერგო შუბითიძემ ის მაღალჩინოსნები დაასახელა, ვინც იცოდა რომ ცხედრის პოვნის დღეს, მას ახალგაზრდა ქალის მობილური ტელეფონი ლუქთან ერთად მიუტანეს და თავიდან დალუქვა მოსთხოვეს.
ამ საქმეზე გამოკითხვაზე პროკურატურაში დღეს ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი დაიბარეს.
ის ვარაუდობს, რომ პროკურატურა ახალი გამოძიების ფარგლებში, სერგო შუბითიძეს დააკავებს.
“პროკურორმა მითხრა, ეს არის გამომძიებელმა რომ საჯაროდ გააკეთა განცხადება, მტკიცებულებების ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე ვარ დაბარებული. რა კითხვები ექნებათ, წინასწარ ვერ გეტყვით. მე საერთოდ არ ვიცი მივცემ თუ არა ჩვენებას ამათ ამ ეტაპზე იმიტომ, რომ გაუგებარია ჩემთვის რა აინტერესებთ, მითუმეტეს რომ ყველამ კარგად ვიცით, რომ თავიდანვე იყო მტკიცებულებების განადგურება, რომ საქმეზე არ დამდგარიყო სამართალი. ვნახოთ, ამ ე.წ. ფალსიფიკაციას, გამომძიებლის წინააღმდეგ როგორ გამოიყენებენ. აუცილებლად გააჩუმებენ, ან დააკავებენ მას” _ ამბობს რამიშვილი
შეგახსენებთ, ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ გამომძიებელ სერგო შუბითიძის განცხადებების შემდეგ დაიწყო.
მან ტელეკომპანია “ფორმულას” ვრცელი ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ გამოძიების დროს ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი დარღვევით ამოიღეს შემთხვევის ადგილიდან და მისი დალუქვაც უკანონოდ მოხდა. ყოფილი გამომძიებელი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ვიღაცამ ის გაასუფთავა.
შუბითიძის თქმითვე, მას არ სჯერა გამოძიების ვერსიის, რომ 23 წლის პროგრამისტმა თავი მოიკლა.
წყარო: „მთავარი“