“ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ოთხი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის სარჩელი მზადდება, კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობს მმართველი გუნდი პოლიტიკური პლურალიზმისა და დემოკრატიის სრულად დაშლას. ეს პირდაპირი შეტევაა მრავალპარტიულობაზე და მცდელობაა, კრიტიკული აზრი სისხლის სამართლის ჩარჩოში მოაქციონ”,_ ასე პასუხობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი კოალიცია “ცვლილებებისთვის” წარმომადგენელი ბაჩო ახალაძე “გურია ნიუსის” კითხვას _ როგორ აფასებთ კობახიძის განცხადებას ოთხი პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის მზადებაზე ?
ბაჩო ახალაძის განცხადებით, “ხელისუფლება წყვეტს სამართლებრივი სახელმწიფოს გზით სვლას და შურისძიებაზე გადადის”.
“კონსტიტუციის სახელით პოლიტიკური ოპონენტების დევნა არ არის არც სამართლებრივი და არც მორალური მოქმედება – ეს არის ავტორიტარიზმისთვის დამახასიათებელი ქმედება, რომელსაც არ აქვს არაფერი საერთო არც ევროპულ ღირებულებებთან და არც დემოკრატიის იდეალებთან.
ხელისუფლება აშკარად წყვეტს სამართლებრივი სახელმწიფოს გზით სვლას და გადადის შურისძიებაზე, რაც ყოვლად მიუღებელია იმ ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრობაზე აცხადებს პრეტენზიას”,_ აცხადებს ბაჩო ახალაძე.
ინფორმაციისთვის, “ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში – „აქტუალური თემა” განაცხადა, რომ “ლელოს”, “ახალის”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “გახარია-საქართველოსთვის” პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელი მზადდება.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაში დაადანაშაულა.
ავტორი


































































