,,ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია! მე პირადად მხარს ვუჭერ ამ დოკუმენტს“, _ ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ლელოს ლიდერის თქმით, ნიკა მელიასთან დაკავშირებით შემოთავაზებულია ევროკავშირის თავდებობა.
„დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი მივიღეთ ბატონი შარლ მიშელისაგან. ეს საბოლოო დოკუმენტია, რომელიც მის მიერ მომზადდა. აქ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა ვნახეთ, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებასთან მიმართებაში და განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ ეს საკითხი ძალიან სწრაფად ამოვწუროთ.
ამავდროულად, შემოთავაზება რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით არაა, რაც ჩვენ გვსურდა თავიდანვე, მაგრამ ესაა ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ, იმიტომ რომ საუბარია 43%-იანი ზღვრის დაწესებაზე მხოლოდ პროპორციული მაჩვენებლებით და არა მაჟორიტარული მაჩვენებლებით. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია! მე პირადად მხარს ვუჭერ ამ დოკუმენტს! ამდენი თვის შრომამ, ამ ბოიკოტმა შედეგი მოიტანა, მე მიმაჩნია, რომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა, რომ მოიტანოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა. ნიკა მელიასთან დაკავშირებით შემოთავაზებულია ევროკავშირის თავდებობა“, _ განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.