აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისის ლიკვიდაციის გამო, ბაღდადის სასამართლომ ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაკავების ორდერი გასცა.
საუბარია შიიტური მილიციის მეთაურზე, აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისზე, რომელიც 2020 წლის 3 იანვარს გენერალ ყასემ სულეიმანისთან ერთად იყო ლიკვიდირებული.
5 იანვარს გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობის გამო, ირანმა დონალდ ტრამპის დაკავების საერთაშორისო ორდერის გაცემის თხოვნით ინტერპოლს მიმართა.
„ჩვენ ინტერპოლს მივმართეთ, 48 პირთან დაკავშირებით „წითელი ცირკულარის“ გაცემის თაობაზე. მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი და პენტაგონის ოფიციალური პირები არიან“, – განაცხადა ირანის სასამართლო სისტემის წარმომადგენელმა.
2020 წლის 3 იანვარს, ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ყუდსის“ მეთაური, გენერალი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა.
































































