ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა განსახილველად წარმოდგენილი შვიდივე საკითხი, რომლიდანაც ხუთი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგს, შეფასების და ანგარიშის სისტემის დამტკიცებას ეხებოდა, დაჩქარებული წესით განიხილეს. დეპუტატმა გიორგი ჩახვაძემ კოლეგებს მოუწოდა, რომ ყველანი ერთად ოზურგეთში წასულიყვნენ, სადაც გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებია ჩანიშნული.
„ფედერაციის ოფისი ლანჩხუთშია და არ უნდა დავუშვათ არჩევნები ოზურგეთში ჩატარდეს. როცა დავით მუჯირი რვა მარტს ლანჩხუთში ჩამოვიდა, თქვა, რომ ის ყველა ხელმძღვანელ პირთან, მათ შორის, ლანჩხუთის გამგებელთანაც შეთანხმებულია, რომ ფედერაციამ ბინა ოზურგეთში დაიდოს. დიდი დავიდარაბის შემდეგ შევთანხმდით, რომ წესდებაში ფედერაციის ადგილმდებარეობად ლანჩხუთი ჩაიწერებოდა. რახან ფედერაცია ლანჩხუთშია, არჩევნებიც აქ უნდა ჩატარდეს“, _ ისმოდა დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე, რომლის დამთავრების შემდეგ დეპუტატებმა გეზი ოზურგეთისკენ აიღეს.
ცნობისთვის, ყრილობაზე ხმის მიცემის მქონე შვიდი სუბიექტიდან ოთხი ლანჩხუთელია.