ხვალ, 3 ივნისს, 15:00-ზე, ჩოხატაურის ბორის პაიჭაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, ადგილობრივი „ბახმარო“ ტყიბულის მეშახტეს დაუხვდება და უმნიშვნელოვანესი ქულების მოპოვებას ახალი მწვრთნელის, პაატა მეტრეველის თავკაცობით შეეცდება. გამოცდილ სპეციალისტს უმუშავია, როგორც სფფ აკადემიის ასაკობრივ გუნდებში, ასევე, საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე არაერთ გუნდში.
სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, მეტად დაძაბული და საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს, რადგან 14 გუნდია ჩემპიონატში, ორივე გუნდი ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფება და ლიგა 3-ში დასარჩენად იბრძვის. უკვე გამართულ 8 მატჩში, „ბახმარომ“ რამდენიმე დასანანი მარცხი იწვნია და 5 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება, „მეშახტეს“ კი 7 ქულა აქვს და მე-11 პოზიციას იკავებს.
საკადრო პრობლემების მიუხედავად (სამწუხაროდ, რამდენიმე ფეხბურთელი ვერ შეძლებს ხვალინდელ მატჩში მონაწილეობის მიღებას) ჩოხატაურის „ბახმაროს“ ფეხბურთელებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ ამ მატჩში გამარჯვების მოსაპოვებლად და სატურნირო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
წარმატება ვუსურვოთ და ვუგულშემატკივროთ ჩვენს გუნდს.