
ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის ინიციატივით, დაიწყო კამპანია „ბახმარო მეტ სიმაღელეებზე“.
„ამ კამპანიის მიზანია, კურორტის ახალი, განსხვავებული და გამორჩეული ბრენდინგის შექმნა; სტრატეგიული გეგმის შემუშავება ტურისტული პოტენციალის ათვისებისთვის; პრიორიტეტების მიხედვით ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, კურორტის სრულ კეთილმოწყობამდე. ამიტომ, კამპანიის სამუშაო ჯგუფში ვიწვევ ყველა დაინტერესებულ ადამიანს, ვისაც სურს, წვლილი შეიტანოს ბახმაროს, როგორც ტურისტულ-რეკრეაციული რესურსის გონივრულ განვითარებაში. ასე რომ, შემოგვიერთდით, ერთად ვიმსჯელოთ მიმდინარე პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე“, – აღნიშნავს ნინო წილოსანი.

კამპანიის ფარგლებში, პირველი საჯარო შეხვედრა დღეს ბახმაროში, ცენტრალურ მოედანზე გაიმართა.
დღევანდელი შეხვედრის თემები იყო: ბახმაროს გენერალური განაშენიანების გეგმა; უძრავი ქონების (მიწის) რეგისტრაცია; რეკრეაციულ ზონებში მოხვედრილი უძრავი ქონება; ბახმაროს განვითარებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ჩოხატაურის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების მერები, ეკონომიკის სამინისტროს, ინფრასტრუქტურის სამინისტრს, მუნიციპალური განვითარების ფონდის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოს და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

„დღვანდელ შეხვედრაზე სხვადასხვა სტრუქტურის სწორი და საჭირო კომუნიკაცია შედგა. დეტალურად გავწერეთ საკითხები, თუ როგორ უნდა მოვაგვაროთ არსებული პრობლემები. ასეთივე სამუშაო რეჟიმში გაგრძელდა მოქალაქეებთან შეხვედრა, სადაც მათ დასვეს ყველა ის ძირითადი კითხვა, რაც ამ ეტაპზე აწუხებდათ. ბევრ კითხვას პასუხი შეხვედრაზევე გაეცა, ხოლო იმ მოქალაქეებთან, რომელთა კითხვები დეტალების დაზუსტებას და გარკვევას მოითხოვდა, ჩემი ბიუროც და შეხვედრაში მონაწილე სტრუქტურების წარმომადგენლებიც საკითხის გარკვევამდე მუდმივ კონტაქტზე იქნებიან“, _ დასძენს ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი.(R)





























































