საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის რეგიონული ლიგის მეუთხე ტური მიილია და ჩოხატაურის „ბახმარო“ ცხრილის სათავეშია. ოთხ თამაშში 12 ქულა მოაგროვა და ჯერჯერობით, გოლი არა გაუშვია, რაც დაცვის საიმედოობაზე მეტყველებს.
ბოლო თამაში 6 აპრილს, ამბროლაურში გაიმართა „რაჭას“ წინააღმდეგ, სადაც რთული სათამაშო პირობებისა და მასპინძელთა თავდაუზოგავი წინააღმდეგობის მიუხედავად, „ბახმარომ“ 0:2 გაიმარჯვა.
პირველი ტაიმის ბოლოს თავი გიგა კვერენჩხილაძემ გამოიჩინა და ანგარიში გახსნა, ეს მისთვის მეოთხე გოლია „ბახმაროს“ მაისურით. მეორე ტაიმის დასაწყისში კი საბოლოო ანგარიში ონისე ჩინჩალაძემ დააფიქსირა ეფექტური გოლით.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ მოგებით „ბახმარო“ ერთპიროვნულად გალიდერდა სატურნირო ცხრილში. მეორე ადგილს ცხრა ქულით რამდენიმე გუნდი იყოფს მათ შორისაა ხელვაჩაურის „მაჭახელა“, რომელსაც, ამავდროულად, ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და ჩოხატაურელთა კონკურენტად ითვლება.
12 აპრილს სწორედ „ბახმარო“ და „მაჭახელა“ შეხვდებიან ერთმანეთს ჩოხატაურში.
ბორის პაიჭაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე მატჩი 16 საათზე დაიწყება და სრულიად შესაძლებელია, ამ თამაშის შედეგზე გათამაშების ჩემპიონის ბედიც იყოს დამოკიდებული.