საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის რეგიონული ლიგის პირველი წრე გუშინ დასრულდა. ჩოხატაურის „ბახმარო“ გათამაშების ცხრილის სათავეშია და უახლოეს მდევრებს 4 ქულით უსწრებს.
მეთოთხმეტე ტურში ჩოხატაურელები „ლესიჭინეს“ ესტუმრნენ, კვერენჩხილაძის გოლით იგებდნენ და სათამაშო უპირატესობასაც ფლობდნენ თუმცა ბოლო წუთებზე მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს და მეორე წრეში სასურველი შედეგისთვის ბრძოლის შანსი შეინარჩუნეს. ამ თამაშში „ბახმაროს ერთ-ერთი ლიდერი და გუნდის კაპიტანი თემო შარაშენიძე აკლდა დისკვალიფიკაციის გამო. 1:1 ასე დასრულდა ტურის ცენტრალური შეხვედრა.
აბაშაში მოიგო კიდევ ერთმა პრეტენდეტმა „მაჭახელამ“ 1:0 და 32 ქულით მეორე ადგილს ეცილება „ლესიჭინეს“. გაიმარჯვეს ქუთაისის „ტორპედომ“ და ხულოს „ხიხანმაც“.
რეგიონული ლიგის პირველ წრეში ჩოხატაურელთა გუნდმა რამდენიმე რეკორდი დააფიქსირა. „ბახმარომ“ ეს ეტაპი დაუმარცხებლად განვლო, თანაც ისე რომ 9 ტურში გოლი არ ქონდა გაშვებული, ცალკე აღნიშვნის ღირსია გუნდის და მთლიანად ლიგის ბომბარდირი გიგა კვერენჩხილაძე, რომელმაც 14 ტურში 20 გოლის გატანა მოახერხა.
მეორე წრისათვის „ბახმაროში“ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იგეგმება, სამწვრთნელო შტაბში ამბობენ რომ რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელის დამატება აუცილებელია:
„მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთელებს, კლუბის თითოეულ წევრს, ეს შედეგი საერთო თავდადების და შრომის შედეგია. განსაკუთრებით მადლობელი ვარ გულშემატკივრის, რომელიც გასვლით თამაშებშიც კი დაგვყვებოდნენ და გვამხნევებდნენ.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვფიქრობ რომ მეორე წრე ძალიან დაძაბული და რთული იქნება. ჩვენც კარგად უნდა მოვემზადოთ და პირველი ადგილი შევინარჩუნოთ. პირველი წრის ბოლოს რამდენიმე ფეხბურთელი დაგვაკლდა სხვადასხვა მიზეზის გამო რამაც ჩვენს თამაშზე გავლენა მოახდინა, ამიტომ რამდენიმე ფეხბურთელის დამატება ჩემი აზრით აუცილებელია.
აქცენტს მათ გამოცდილებაზე გავაკეთებთ რადგან მეორე წრეში სტაბილურობა ჩვენი გუნდისთვის წარმატების მთავარი გარანტი იქნება.“_ ამბობს გურია ნიუსთან საუბრისას „ბახმაროს“ მთავარი მწვრთნელი თეიმურაზ ლორია.
შეგახსენებთ, რომ რეგიონული ლიგის მეორე წრე აგვისტოში განახლდება და პირველ სამეულში ადგილის მოსაპოვებლად დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი.