დღეს დილიდან ბახმაროში ეპიდემიოლოგები მუშაობენ.
„გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, რომ მოქალაქეების ტესტირება სამ ადგილას მიმდინარეობს.
„3 ბრიგადა მუშაობს ბახმაროში, ბაზრის, მოედნის და ძველი სასტუმრო „ბახმაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე“,_ გვითხრეს ჯანდაცვის ცენტრში.
ცნობისთვის, ბახმაროში ინფიცირება 1 ოჯახს აქვს დადასტურებული. ისინი იზოლაციაში საკუთარ სახლში იმყოფებიან და გამოჯანმრთელების გზას ადგანან.
ინფიცირების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ კი საზოგადოების ნაწილში შექმნა აზრი, რომ მომხდარის გამო ბახმარო იკეტება. ინფორმაციას არც ჯანდაცვის ცენტრი და არც ადგილობრივი ხელისუფლება არ ადასტურებს.
ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ უფასო ტესტირება კორონავირუსზე ბახმაროში მყოფ ყველა დამსვენებელს ჩაუტარდება. თუმცა, ტესტის გაკეთება ნებაყოფლობითია.