კურორტ ბახმაროში სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის აშენება იგეგმება.
როგორც “გურია ნიუსს” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შარაშიძემ განუცხადა, ახალი შენობა ამბულატორიის ტერიტორიაზე აშენდება.
“ამჟამინდელი ამბულატორიის ტერიტორია მთლიანად გადავეცით შესაბამის სამინისტროს. მოხდება ამ შენობის დემონტაჟი და შემდეგი წლისთვის დაიწყება მშენებლობა. ამჟამად პროექტი მზადების პროცესშია. ამ შენობაში სეზონურად შეგვყავდა სამაშველო სამსახური და სანამ ახალი შენობა აშენდება, ალტერნატიულ ფართს შევთავაზებთ სამაშველო სამსახურს”,_ განაცხადა შარაშიძემ.
ჯანდაცვის სამინისტრო კი ამ ეტაპზე, Design-Build-ის მეთოდით, ბახმაროში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალის მშენებლობის მიზნით საჭირო არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერის გამოსაცხადებლად ბაზარს იკვლევს.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ თავიანთი წინადადებები და ფასები სამინისტროს მიმდინარე წლის 23 სექტემბრამდე მიაწოდონ.
ავტორი