დაბა ბახმაროს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო მწვერვალს „გმირების მწვერვალის“ სახელი ერქმევა. საკითხი დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განიხილა და დაამტკიცა.
როგორც საკრებულოს სხდომაზე საკითხის მომხსენებელმა, სამანდანტო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, მარინე ბერაძემ “გურია ნიუსს” განუცხადა, “გმირების მწვერვალის” იდეა ვეტერანთა საინიციატივო ჯგუფს ეკუთვნის.
“ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადებით მომართა ვეტერანთა საინიციატივო ჯგუფმა, სადაც გამოხატავდნენ თხოვნას, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე უსახელო მწვერვალს (გეოგრაფიული კოორდინატები: ჩრდილოეთ განედის 41051’51’’ და აღმოსავლეთ განედის 42022’12’’, სიმაღლე ზღვის დონიდან 2307,5მ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა სახელების უკვდავსაყოფად ეწოდოს „გმირების მწვერვალი“. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაიწყო საქმისწარმოება, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის მიერ შესწავლილ იქნა საკითხი, შემდგომ გადაეგზავნა გეოგრაფიული ობიექტების სახელდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიაში, მათ მიერ გაიცა თანხმობა გმირების მწვერვალის სახელის მინიჭებისთვის. 2022 წლის 29 ნოემბრის საკრებულოს მორიგ სხდომაზე განკარგულების პროექტი დამტკიცდა”,_ გვითხრა ბერაძემ.
ავტორი