პედაგოგების ხელფასი საქართველოში საშუალო ხელფასზე მცირეა, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში განაცხადა, სადაც სემინარი „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ გაიხსნა. პრემიერმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
“ეს ძალიან მძიმე მოცემულობაა. მოგეხსენებათ, ამ დღეებში საქართველოს პარლამენტში განიხილება ჩემი ინიციატივა ეროვნული იდეის, განათლების რეფორმის შესახებ, რომლის თანახმადაც ჩვენ, ჩვენი მთიანი შიდა პროდუქტის 6%-ს, ანუ ბიუჯეტის მეოთხედს ყოველთვის მივმართავთ განათლებისკენ. ეს შემდეგი ათწლეულების განმავლობაში ნებისმიერი მთავრობისთვის ვალდებულება იქნება. ერთ-ერთი მიზანი, ბუნებრივია, არის ის, რომ პედაგოგი, როგორც პროფესია, საქართველოში დაფასებული და პრესტიჟული იყოს.
ღრმად მწამს, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში, სადაც პედაგოგის და მასწავლებლის როლი არ არის შესაბამისად დაფასებული, ასეთ სახელმწიფოს 21-ე საუკუნეში არათუ მომავალი არ ექნება, არამედ, მან შეიძლება, თავისი წარსული და ფასეულობებიც დაკარგოს. შესაბამისად, მინდა, თითოეულ თქვენგანს მივმართო და ვთხოვო, რომ ეს არის ეროვნული იდეა, რომლის გარშემოც საქართველოს თითოეული მოქალაქე უნდა გავერთიანდეთ. მაქვს პატივი, დღეს მივმართო საზოგადოებას, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის განათლების ფასი და ის, რომ სწორედ განათლებაშია საქართველოს ერთადერთი წარმატება“, – განაცხადა პრემიერმა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის თქმით კი, 2022 წლისთვის ბიუჯეტის მეოთხედი განათლების მიმართულებით დაიხარჯება, რაც გარდამტეხი იქნება საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის. მან ქვეყნის განათლების სისტემის რამდენიმე წარმატებული მაგალითიც დაასახელა, მათ შორის ევროპის ქვეყნების მიერ ქართული დიპლომების აღიარება.