| ინტერვიუ გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის ხელმძღვანელთან, მარიამ ვაჩნაძესთან
მოგესალმებით მარიამ, 2026 წლის დასაწყისში, მინდა ვისაუბროთ ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ მიმართულებაზე, მის მიმდინარეობასა და განვითარებაზე. მინდა, ცოტა ადრეული პერიოდიდან დავიწყოთ, გვითხარით რა გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტი აირჩია ბახვი ჰესმა, როცა პროექტის განვითარება დაიწყო
- მოგესალმებით და დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ 4 წლის წინ მივეცით ადგილობრივ მოსახლეობას და ყველა დაინტერესებულ მხარეს იყო, რომ ჩვენ ავაშენებდით ბახვი ჰესს ძალიან მაღალი საერთაშორისო გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტის სრული დაცვით. მოგეხსენებათ, საქართველოში უზენაესია ქართული კანონმდებლობა, სადაც გაწერილია ის გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტები, რომელსაც მშენებლობის მიმდინარეობისას უნდა იცავდეს პროექტის განმახორციელებელი. ცხადია, ჩვენ პირველ რიგში ამ კანონს ვემორჩილებით. თუმცა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პროექტი ასევე, შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო იმ საერთაშორისო სტანდარტებთანაც, რომელებსაც იყენებენ წარმატებული საერთაშორისო კომპანიები. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ კეთილი ნების საფუძველზე, რათა გამოგვეხატა ჩვენი დამოკიდებულება როგორც პროექტისადმი, ასევე იმ გარემოსადმი, რომელიც აქ დაგვხვდა და იმ ადამიანებისადმი, რომლებიც აქ ცხოვრობენ.
მოგვიყევით უფრო დაწვრილებით, თუ რას გულისხმობს საერთაშორისო სტანდარტი და მათთან შესაბამისობა?
- ისეთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მაგალითად, როგორიცაა საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, ევროპის საინვესტიციო ბანკი, აწესებენ მკაცრ გარემოსდაცვითი და სოციალურ სტანდარტს, რომელის აღსრულებასაც მოაქვს დადებითი შედეგი როგორც ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით, ასევე ყველა დაინტერესებული მხარის კეთილდღეობისათვის. მაგალითად, გარემოს დაცვის მიმართულებით, პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ სამშენებლო პერიმეტრს სრულად უნდა დაუბრუნდეს პირვანდელი იერსახე. ასევე, საერთაშორისო სტანდარტები სოციალური საკითხების კონტექსტში , უპირველეს ყოვლისა გულისხმობს, მუდმივ კომუნიკაციას ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რის შედეგადაც იკვეთება სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები. შესაბამისად ამ დიალოგის საფუძველზე მიღებული ინფორმაციის შედეგად იქმნება სოციალური პროგრამა და ადგილობრივი მოსახლეობა იღებს სარგებელს, იქნება ეს ეკონომიკური, სოციალური, საგანმანათლებლო მიმართულებებით თუ სხვა. ბახვი ჰესმა აიღო სწორედ ეს ვალდებულება, საქართველოს კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვასთან ერთად, საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოეყვანა თავისი ქმედებები. მაგალითად, თუ ავიღებთ ტყის განაშენიანების თემას, კეთილი ნების საფუძველზე, ჩვენ ბახმაროში, 20 ჰექტარ ტერიტორიაზე დავრგეთ 16 500 ნერგი კავკასიური ფიჭვი და მაღალმთის ნეკერჩხალი.
არაერთი ინტერვიუ ჩაგვიწერია და ვიცი თუ როგორი მრავალმხრივია ბახვი ჰესის გარემოს დაცვის პროგრამა, თუ გაქვთ პრიორიტეტები და რას გამოყოფდით ყველაზე მნიშვნელოვნად?
- ჩვენი პრიორიტეტები ასახულია ჩვენს პირველ გზავნილში, რომლითაც ჯერ კიდევ 2021 წლიდან ვსარგებლობთ და მუდმივად ვიმეორებთ. „ჩვენ ვზრუნავთ ადამიანებზე, ბუნებასა და რეგიონის განვითარებაზე“. სწორედ, ესაა ჩვენი პრიორიტეტები – ადამიანი, ბუნება და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა. ამ დანაპირებიდან გამომდინარე, ჩვენ ვიზრუნეთ, რომ აქ მაცხოვრებელი ადამიანებისთვის ოდნავ უფრო გაგვეუმჯობესებინა საცხოვრებელი გარემო და პირობები. აღსანიშნავია, რომ ბიომრავალფეროვნების მიმართულებას მთელი პროცესის განმავლობაში მესამე მხარის, დამოუკიდებელი სპეციალისტები აკვირდებოდნენ და აფასებდნენ, რათა ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედება მაქსიმალურად შემცირებულიყო. ასევე, მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ის, რომ წითელი ნუსხით დაცული სახეობები იყვნენ განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშ. მოგეხსენებათ, ბახვის წყლის ხეობაში რამდენიმე ასეთი სახეობაა. მაგალითად, კავკასიური სალამანდრა, ძალიან ხშირად ვხვდებით მას ამ ტერიტორიაზე.
ხომ არ გაგვიზიარებდით, რა მეთოდებს იყენებთ მონიტორინგის დროს?
- ადგილობრივი კანონმდებლობა კომპანიებს ავალდებულებს, რომ ჰქონდეთ გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმები. ეს გეგმა ბახვი ჰესმა შექმნა და არის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის დანართი და ის შეთანხმებულია გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან. სწორედ, ამ დოკუმენტშია გაწერილი, თუ რა უნდა გაკეთდეს და როგორი პერიოდულობით უნდა ჩატარდეს მონიტორინგი – იქნება ეს ცხოველებზე დაკვირვება, მათ საცხოვრებელ ადგილზე, თუ მცენარეულ საფარსა და წყლის ბიომრავალფეროვნებაზე. შესაბამისად, წლის განმავლობაში დამოუკიდებელი ექსპერტები ბიომრავალფეროვნების სხვადასხვა კომპონენტის მონიტორინგის მიზნით საპროექტო არეალში რამდენჯერმე ჩამოდიან. მაგალითად, ბიომრავალფეროვნების მკვლევარი სრულყოფილი მონიტორინგის ჩატარების მიზნით ტერიტორიაზე დაახლოებით 1 კვირას ატარებს. ამ პერიოდის განმავლობაში ის აკვირდება ცხოველების, ფრინველების, ამფიბიების ქცევის ტენდენციას, ეძებს მათ კვალს, მიღებულ შედეგებს კი გასული წლების მონიტორინგებს ადარებს. ბოლო ეტაპია კომპანიისთვის რეკომენდაციების შემუშავება, რომელსაც პროექტი მკაცრად იცავს. თუმცა, გარდა ადგილობრივი კანონმდებლობისა და გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმისა, ჩვენ გვაქვს უცხოელი ექსპერტების მიერ შემუშავებული შემარბილებელი ღონისძიებები, სადაც დეტალურად არის გაწერილი ყველა ის აქტივობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედება იყოს მინიმალური, ან სადაც საშუალება გვაქვს, სრულიად თავიდან იყოს აცილებული. ვინც თვალყურს ადევნებს ბახვი ჰესის პროექტის განვითარებას, მას ემახსოვრება, რომ ჯერ კიდევ 2021 წელს, ბევრად ადრე, ვიდრე სამშენებლო სამუშაოები დაიწყებოდა, ჩვენ მოწვეული გვყავდა უცხოელი ექსპერტები, რომლებმაც დეტალურად შეისწავლეს მდინარე ბახვის წყლის ხეობის ბიომრავალფეროვნება – მცენარეები, ცხოველები, ქვეწარმავლები, ფრინველები, წყლის ბინადარნი, აღწერეს ისინი და გაგვიკეთეს სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა დაგვეცვა ისინი, რა შემარბილებელი ღონისძიებები გაგვეტარებინა, რათა თავიდან აგვერიდებინა ზიანი. ეს სამოქმედო გეგმა, ჩვენი კეთილი ნებით, გარემოზე ზემოქმედების შესწავლის დოკუმენტს დაერთო თან და მისი აღსრულება ჩვენი მოვალეობა გახდა.
არსებობს თუ არა კონტროლი და ვისი მოვალეობაა აკონტროლოს მშენებლობის დროს გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმის, ან თქვენს მიერ ხსენებული სამოქმედო გეგმის აღსრულება?
- გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმის აღსრულებას რა თქმა უნდა თვალყურს ადევნებენ სახელმწიფო უწყებები. გარემოსდაცვითი გეგმის საფუძველზე, 2024-2025 წლების განმავლობაში 100-მდე მონიტორინგის ანგარიში გავაგზავნეთ გარემოს ეროვნულ სააგენტოში. აგარიშებს როგორც წესი, დამოუკიდებელი, მესამე მხარის ექსპერტები ადგენენ იმ მონიტორინგის საფუძველზე, რომელსაც პერიოდულად, ძირითადად კვარტალში ერთხელ, ატარებენ სამშენებლო პერიმეტრზე. მონიტორინგი ეხება აბსოლუტურად ყველა კომპონენტს – ცხოველებზე, ფრინველებზე, მდ.ბახვისწყლის ბიომრავალფეროვნებაზე, ქვეწარმავლებზე, მცენარეებზე დაკვირვებას. აგრეთვე, ტარდება ხმაურის, მტვერის, ვიბრაციის მონიტორინგი. თუმცა, გარდა ადგილობრივი სპეციალისტებისა, ჩვენთან ჩამოდიან უცხოელი ექსპერტებიც, რომლებმაც თავის დროზე გაგვიწერეს შემარბილებელი ღონისძიებების გეგმა და ისინიც გარკვეული სიხშირით აფასებენ, როგორ ასრულებს პროექტი ნაკისრ ვალდებულებებს.
სამშენებლო სამუშაოები პრაქტიკულად დასრულდა და ახლა, რა მდგომარეობაა გარემოს აღდგენის თვალსაზრისით?
- ზოგადად, ყოველთვის სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ იწყება პერიმეტრის აღდგენითი სამუშაოები. თუმცა, ჩვენს შემთხვევაში, ეს პროცესი პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა. შესაბამისად, გარკვეულ მონაკვეთებში ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს სამშენებლო არეალის აღდგენა. მაგალითად, 2024 წელს, როცა ყველაზე აქტიურად მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები, მილების ჩადების დროს, ყოველი მონაკვეთის დასრულების შემდეგ, ჩვენ ვამწვანებდით ტერიტორიებს, რაც გულისხმობს ხეების დარგვას და ბალახის თესვას. იგივე მიდგომა გვქონდა 2025 წელსაც. კერძოდ, ბახვი 2-ის საპროექტო არეალში დაახლოებით 7 ჰექტარ ტერიტორიაზე განხორციელდა ჰიდროთესვა, რაც მცენარეთა თესვის თანამედროვე მეთოდია და გულისხმობს თესლის გაფრქვევას, რომლის შედეგადაც ის უკეთ ეჭიდება ზედაპირს. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ცხოველებიც საპროექტი არეალში დაბრუნებულები არიან და არაერთი მათგანი ჩვენი თანამშრომლის ობიექტივში არა ერთხელ მოხვედრილა, იქნება ეს დათვი, შველი, არჩვი თუ წითელ ნუსხაში შესული კავკასიური სალამანდრა.
აუცილებლად უნდა დაგეთანხმოთ, რადგან, პირადად მეც ბევრი ასეთი ფოტო მაქვს ნანახი ბახვი ჰესის ახალი ამბების ფურცლის გვერდებზე.
- აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბახვი ჰესის გუნდის თითოეული წევრისთვის მნიშვნელოვანია ის ღირებულებები, რაზეც დგას ჩვენი პროექტი. სწორედ ამიტომ, თითქოს ერთი შეხედვით მარტივად, მაგრამ ამავდროულად თითოეული ჩვენი თანამშრომლის, და აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ გარემოსდაცვით გუნდს, აქ ვგულისხმობ ტექნიკურ გუნდსაც, პერსონალური ძალისხმევით მოხერხდა და დაიდო ის შედეგ, რა შედეგზეც ახლა მე და თქვენ ვსაუბრობთ. არ იყო მარტივი, განსაკუთრებით მდინარე ბახვისწყლის ხეობის გეოგრაფიულად რთულ პერიმეტრზე და ასევე, მკაცრი ზამთრის პირობებში მშენებლობის მართვა გარემოსდაცვითი სტანდარტების მკაცრი დაცვით, მაგრამ გუნდურობამ და ამ გარემოს სიყვარულმა ყველას ერთად შეგვაძლებინა უპრეცედენტო პროექტის განხორციელება. ბახვი ჰესი ნამდვილად არის მაგალითი, როცა მშენებელიც და გარემოსდამცველიც, გეოლოგიც და ელექტროინჟინერიც, უსაფრთხოების პროფესიონალიც და ურთიერთობის სპეციალისტიც, ემსახურება ერთ ამოცანას – ზრუნვას ადამიანებსა და ბუნებაზე.
|