ბანკი “ქართუ” “ნაციონალურ მოძრაობას” ცილისწამებაში სდებს ბრალს. ლაპარაკია “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც ისინი ბანკ “ქართუს” მოქალაქეების ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ.
“ქართუ”-ში აცხადებენ, რომ შპს “ქართულ საინვესტიციო ჯგუფ XXI”-ს აქვს საკრედიტო დავალიანება, თუმცა არა 6 მილიონი, არამედ გაცილებით ნაკლები.
“სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებულია უძრავი ქონება და ავტომობილები. 2016 წელს აღნიშნულმა კომპანიამ სასამართლოსთვის მიმართვის გზით დაიწყო გაკოტრების პროცესი, რაც გულისხმობს ყველა კრედიტორის, მათ შორის ბანკის ჩართულობას დარჩენილი დავალიანების ამოღებას. ბანკს შესაბამისი სარჩელით მოთხოვნილი აქვს საკრედიტო დავალიანების დაფარვა მხოლოდ მესამე პირის საკუთრებაში არსებული, ბანკის სასარგებლოდ დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციით, რომლის ღირებულებაც აღემატება არსებულ დავალიანებას. კომპანიის საკუთრებაში არსებულ, გირავნობით უზრუნველყოფილ საგნებთან (ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან) დაკავშირებით ბანკს მოთხოვნები არ დაუყენებია (გაკოტრების პროცესში ვერც დააყენებდა) სასამართლოში, შესაბამისად, სააღსრულებო პროცედურები კომპანიის მიმართ ბანკის მოთხოვნის საფუძველზე არ მიმდინარეობს და ბანკის მოთხოვნის საფუძველზე ყადაღა არ ადევს გირავნობით უზრუნევლყოფილ საგნებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ბანკი “ქართუ”-ში აცხადებენ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და მისი წარმომადგენლები არ იშლიან ტრადიციას და გაჭირვებული ადამიანების შეცდომაში შეყვანით ისევ ცდილობენ პოლიტიკური ქულების დაწერას. “მაგრამ ამჯერად ამ უპასუხისმგებლობისთვის და რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის გავრცელებისთვის მოუწევთ სასამართლოს წინაშე წარდგენა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
“ნაციონალურმა მოძრაობამ”, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კომპანიამ “ქართული საინვესტიციო ჯგუფი 21-ე” 10 წლის წინ 50-მდე ტაქსის მძღოლს მანქანები ხელშეკრულებით გადასცა, 48 ათასი ლარის დაფარვის შემდეგ კი ავტომობილები მათ უნდა დარჩენოდათ, თუმცა 2011 წელს კონპანიამ, ისე რომ არ ჰკითხა მძღოლებს, სხვა ქონებებთან ერთად მანქანები ჩადო “ქართუ ბანკში” და გამოიტანა 6 მილიონი ლარი. სესხის გადახდა კომპანიამ ვერ შეძლო და გაკოტრდა.


































































