ლანჩხუთში, სოფელ ნიგოითში მცხოვრები ავთანდილ ფიფია „გურია ნიუსის“ ოფისში გვეწვია და საკუთარი პრობლემის მოგვარებაში დახმარება გვთხოვა. მოხუცის თქმით, ის რედაქციაში პირდაპირ ბანკიდან მოვიდა, სადაც სესხის ასაღებად იმყოფებოდა, რომ ავადმყოფი მეუღლისთვის ქიმიოთერაპიის კურსი დააფინანსოს. როგორც ამბობს, თვეების წინ მისი ოჯახი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით გათვალისწინებულ სოციალურად დაუცველთა პაკეტით სარგებლობდა, რაც მათთვის მნიშვნელოვან შეღავათი იყო. თუმცა, ხელახალი გადამოწმების შემდეგ მაღალი ქულა მიენიჭა და სამედიცინო პაკეტიც გაუუქმდა.
„ძალიან არ მინდოდა ასე წასულიყო ჩემი ოჯახის საქმე და დახმარება სხვებისთვის მეთხოვა, მაგრამ რა უნდა ვქნა, ორი შვილი მყავდა და ორივე მომიკვდა. ახლა ჩემი მოხუცი მეუღლეც მძიმედაა ავად, სიმსივნე აქვს და ლოგინადაა ჩავარდნილი.
მეუღლეს ახლა ქიმიოთერაპიის კურსები აქვს ჩასატარებელი, მაგრამ რა უნდა ვქნათ, როცა ამის მატერიალური შესაძლებლობა არ გაგვაჩნია. რამდენიმე დღეში წასაყვანია ქიმიის გასაკეთებლად და სხვა საშუალება რომ არ მქონდა, ბანკს მივაკითხე სესხისთვის. ამის გარდა, საჭმელს რომ თავი დავანებოთ, ავადმყოფს წამლებიც ხომ სჭირდება, მაგრამ როგორ, რანაირად?!
ადრე სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი სამედიცინო პაკეტით სარგებლობდა ჩემი ოჯახი, რაც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იყო, ქიმიოთერაპიის სრული კურსი უფინანსდებოდა. ერთი წელი იქნება, დაახლოებით, რაც ეს პაკეტი მოგვიხსნეს. სოციალური მომსახურების აგენტი იყო გადამოწმებაზე მოსული, რის შემდეგაც 75 ათასი ქულა მომანიჭეს.
არასდროს ამიღია სოციალური დახმარება და არც ვითხოვ, მარტო სამედიცინო პაკეტის აღდგენას ვითხოვ, რომ ვალისა და ვახშის გარეშე ვუმკურნალო ჩემს მოხუც მეუღლეს“, _ სინანულით ამბობს მოხუცი.
ავთანდილ ფიფიას ამბავი სოციალური მომსახურების სააგენტოში გადავამოწმეთ, სადაც დაგვიდასტურეს, რომ მის ოჯახს საყოველთაო
ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის სოციალურად დაუცველთა პაკეტი მაღალი სარეიტინგო ქულის გამო შეუწყდა.
„ავთანდილ ფიფიას ოჯახი ბოლოს ახალი მეთოდოლოგიით გადამოწმდა 2016 წლის ოქტომბერში. მათი სარეიტინგო ქულა სცდება 70 000-ს ,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის სოციალურად დაუცველთა პაკეტით კი სარგებლობენ ბენეფიციარები, რომელთა ქულა არ აღემატება 70 000 ქულას. ავთანდილ ფიფია და მისი მეუღლე საპენსიო ასაკის ბენეფიციართა პაკეტით სარგებლობენ, რაც ქიმიოთერაპიის 90%-იან დაფინანსებას ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფის არეალის მიხედვით“, _ გვპასუხობენ სოციალური მომსახურების სააგენტოში.