გუშინ აზერბაიჯანულ სპორტულ მასმედიაში გავრცელდა ცნობა რომ ბაქოს „ნეფთჩის“ ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი თემურ ქეცბაიას გადაბირება სურს.
ცნობილი გახდა, რომ ქართველმა მწვრთნელმა აზერბაიჯანული გუნდის წლიური ბიუჯეტის მინიმუმ 20 მილიონ მანათამდე (11 მილიონი ევრო) გაზრდა მოითხოვა და ეს თანხა იმისთვისაა აუცილებელი, რომ ისეთი გუნდი შეიქმნას, რომელიც „ყარაბაღთან“ ჩემპიონობისთვის და ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლას შეძლებს.
ამას გარდა, ქეცბაიამ რამდენიმეწლიანი კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ 350 ათასი ევრო მოითხოვა.
გიორგი მამარდაშვილს შესაძლოა ახალი მთავარი მწვრთნელი დაუნიშნონ. ცნობილია რომ „ვალენსიას“ ხელმძღანელობას უთანხმოება აქვს ამჟამინდელ თავკაცთან, ხოსე ბორდალასთან და შესაძლოა თანამშრომლობა ამ ზაფხულშივე გაწყდეს.
გამოცემა „Plaza Deportiva“-ს მტკიცებით, „ვალენსიას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ხოსე ბორდალასი შესაძლოა რუი ვიტორიამ შეცვალოს.
რუი ვიტორიას სამწვრთნელო კარიერა ძირითადად პორტუგალიურ კლუბებს უკავშირდება, განსაკუთრებული წარმატებები კი „ვიტორია გიმარაეშსა“ და „ბენფიკაში“ ჰქონდა. რუი ვიტორიას ასევე უმუშავია საუდის არაბეთის „ან-ნასრში“ და მოსკოვის „სპარტაკში“.
გუშინ, ვებგვერდმა „Sofascore“ 2021-22 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელშიც ევროპის ტოპ ხუთ ჩემპიონატში მოასპარეზე საუკეთესო 21-წლამდე ასაკის ფეხბურთელებია დასახელებული. სასიხარულოა რომ მეკარის პოზიციას „ვალენსიას“ კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი იკავებს.
ქართველი ისეთი ვარსკვლავების გვერდით იმყოფება, როგორებიც ერლინგ ბრაუტ ჰოლანდი, ვინისიუს ჟუნიორი, ფილ ფოდენი, ბუკაიო საკა, ფლორიან ვირცი, ჯიუდ ბელინგემი, ალფონსო დევისი, იოსკო გვარდიოლი, პიერ კალულუ და ვილიამ სალიბა არიან.
გუსინ მამარდაშვილზე გამოცემამ „Marca“ კიდევ ერთხელ დაწერა:
„ვალენსია“ მამარდაშვილის საკითხზე სერიოზულადაა შეშფოთებული. გასულ სეზონში, ქართველი მეკარე გუნდს ძალიან დაეხმარა და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი გოლკიპერი გახდა, რის შემდეგაც მას რამდენიმე დიდი კლუბი აკვირდება. „ვალენსია“ სერიოზულადაა შეშფოთებული მამარდაშვილის გამოსასყიდი თანხის გამო, რომელიც 20 მილიონი ევროა.
გამომდინარე აქედან, კლუბმა მუშაობა დაიწყო, რათა ცვლილებებს მიმართოს. ეს შესაძლოა, მარტივი იყოს, მაგრამ ყველაფერი ისე არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. სპორტული პროექტი მნიშვნელოვანია, მაგრამ ნებისმიერ ფასად ნამდვილად არა და „ვალენსიას“ უჭირს ასეთი სერიოზული გადაწყვეტილება მიიღოს. დღევანდელი სატრანსფერო ფასების გათვალისწინებით, „ვალენსიამ“ ქართველი სასაცილო თანხად შეიძინა და ახლა მისი გამოსყიდვა 20 მილიონადაა შესაძლებელი. ამიტომ, „მესტალიაზე“ მუშაობა დაიწყეს, რათა მას უკეთესი კონტრაქტი გაუფორმონ. აშკარა ისაა, რომ „ვალენსია“ სათამაშოდ კარგი ადგილია და მამარდაშვილს ეს მშვენივრად მოეხსენება, თუმცა სატრანსფერო ბაზარი სატრანსფერო ბაზარია და მის მიმართ ინტერესი უკვე არის. „კოპა დელ რეის“ ფინალში ასპარეზობამ მისი პოპულარობა გაზარდა და „ვალენსიაში“ შეშფოთებული არიან, რადგან იციან, რომ ხელში ბრილიანტი ჩაიგდეს, რომელიც გუნდში არსაიდან გაჩნდა“.
რუსეთთან საომარ მოქმედებებს კიდევ ერთი უკრაინელი სპორტსმენი ემსხვერპლა. უკრაინის კრივის ფედერაციის ინფორმაციით, გუშინ, ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში ახალგაზრდა მოკრივე, ოლეგ პრუდკი დაიღუპა.
„სამწუხაროდ, გაცნობებთ, რომ ოლეგ პრუდკი, საერთაშორისო კლასის ოსტატი, უკრაინის ჩემპიონი რუს დამპყრობლებთან ბრძოლაში დაიღუპა. უკრაინის კრივის ფედერაცია სამძიმარს უცხადებს მოკრივის ოჯახს! მარადიული ხსოვნა შენ, ოლეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ოლეგ პრუდკი 60 კგ წონით კატეგორიაში იბრძოდა და არაერთხელ გახდა უკრაინის ჩემპიონი. ახალგაზრდა მოკრივე საერთაშორისო ასპარეზზეც წარმატებულ სპორტსმენად ითვლებოდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთთან ომს 45 სპორტსმენის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავტორი