ბარსელონის ტერაქტში ეჭვმიტანილი ოთხივე პირი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ესპანურ პოლიციაზე დაყრდნობით გაზეთი El Pais-ი წერს.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია სამი ტერორისტის მოკვლის შესახებ. ესენი არიან მუსი უკაბირი, საიდ ალი და მოჰამედ ჰიჩამი, ხოლო იუნეს აბუკაკუბი გაქცეული იყო. ეჭვმიტანილები 17-24 წლის მაროკოელები იყვნენ.
ისინი პოლიციელებმა პარასკევს ღამით მოკლეს. ტერორისტებს თვითმკვლელის ქამრები ეკეთათ და ცდილობდნენ ბარსელონის თავდასხმის გამეორებას. მათთან ერთად პოლიციელებმა ესროლეს ტერორისტი ჰიჩამის ძმას, ომარისაც.
ერთ-ერთი ტერორისტის ლიკვიდაციის ვიდეოც გავცელდა.
17 აგვისტოს, დღისით, ბარსელონაში, მიკროავტობუსი ხალხით გადატვირთულ რამბლეს ქუჩაზე შევარდა. მოგვიანებით, დიაგონალის პროსპექტზე სატვირთო მანქანით უცნობი პირი პოლიციელებს დაეჯახა, რომლებიც პერიმეტრს იცავდნენ. დაშავდა ორი პოლიციელი.
იმავე დღეს, ქალაქ კამბრილსში, ბარსელონის სამხრეთით, კიდევ ერთმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ რამდენიმე ადამიანს სატვირთო მანქანით გადაურა. დაშავდა 7 ადამიანი, მოგვიანებით ერთ-ერთი დაიღუპა. პოლიციამ ოთხივე თავდამსხმელი მოკლა, მეხუთე მოგვიანებით გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, ბარსელონის ტერაქტის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა. კატალონიის პოლიციელების ცნობით, დაშავებულთა შორის 34 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.