გუშინ, საფრანგეთში მიმდინარე „როლან გაროსის“ ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა თანამემამულე გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გაახარა. ჩვენი ქვეყნის პირველმა ჩოგანმა სამ სეტში სერბი ვიქტორ ტროიცკი დაამარცხა და შეჯიბრების მესამე წრეში გავიდა, სადაც მრისხანე მეტოქე, ესპანელი რაფაელ ნადალი ელოდება.
რასაკვირველია მოწინააღმდეგე ძალიან სერიოზულია, მაგრამ იმედს ვიტოვებთ რომ ქართველი მეტოქის სახელს არ შეუშინდება და საკუთარ შესაძლებლობებს ბოლომდე გვიჩვენებს.
გუშინ ქუთაისსა და თბილისში 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო პირველობა დაიწყო. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები არგენტინას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა – 26:37.
უმვროსი „ბორჯღალოსნები“ მორიგ შეხვედრას 4 ივნისს გამართავენ და მათი მოწინააღმდეგე სამხრეთ აფრიკის ნაკრები იქნება.
დღეს, თბილისის დროით გვიან ღამით, აშშ-ში, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი-ოფის პირველი ფინალური შეხვედრა გაიმართება. ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტი“ კლუბ „კლივლენდს“ უმასპინძლებს. ბოლო ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული გუნდის ცენტრალურმა თავდამსხმელმა ტრავმა მოიშუშა და მას დღეს მოედანზე ვიხილავთ. შეგახსენებთ რომ სერია ოთხ მოგებამდე გრძელდება.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ამჟამად მწვრთნელმა შოთა არველაძემ ტაშკენტის „ფახთაქორი“ ჩაიბარა. 44 წლის ფეხბურთის სპეციალისტი უკვე უზბეკეთის დედაქალაქში იმყოფება და მუშაობას ამ დღეებში შეუდგება.
ასევე, გუშინ ბრიტანულ სპორტულ მასმედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ფრანგი ფეხბურთის სპეციალისტი არსენ ვენგერი კვლავ ლონდონის „არსენალში“ იმუშავებს. 67 წლის ვენგერმა ახალი ორწლიანი ხელშეკრულება ოფიციალურად გააფორმა.
გერმანული მასმედიის მტკიცებით, დორტმუნდის „ბორუსიას“ 27 წლის გაბონელი თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი კარიერას ფრანგულ „პარი სენ ჟერმენში“ გააგრძელებს. მისი ტრანსფერის ღირებულება 70 მილიონ დოლარს შეადგენს. გერმანიის დასრულებულ პირველობაზე ობამეიანგმა 31 გოლის გატანა შეძლო.