ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, დროებით, მაშველებისა და მძიმე ტექნიკის მუშაობა შეჩერდა.
„რაღაც დროის განმავლობაში, ვაჩერებთ სამუშაოებს, რათა მშენებლებმა მოგვცენ ნებართვა, ჩვენმა მუშაობამ ნგრევა არ გამოიწვიოს და კორპუსის მეორე ნაწილი არ ჩამოწვეს. სავარაუდოდ, ქუჩა გადაიკეტება, რათა ხალხმა არ იმოძრაოს. უკანა ეზოში მოეწყობა ბარიერები, რათა ხალხი ამ ზონაში არ შევიდეს, რამაც, შეიძლება, საფრთხე გამოიწვიოს. მშენებლები შეიკრიბებიან მერიაში და იმსჯელებენ“, – აღნიშნა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
მისივე თქმით, სამუშაოების შეჩერების განმავლობაში, ადგილზე სამართალდამცველები დარჩებიან.
გამოძიების შესახებ დასმული კითხვის პასუხად, მინისტრმა განაცხადა: „გამოძიება გრძელდება. ნუ მომთხოვთ გამოძიების ერთ დღეში დამთავრებას. სპციალისტებმა უნდა ნახონ, რა მოხდა საძირკველში, რამ გამოიწვია ნგრევა“.
რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ამოასვენეს. ესაა მერვე ცხედარი, რომელიც სამძებრო სამუშაოებისას იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ის ტრაგედიის უკანასკნელი მსხვერპლია.
ზღვისპირა ქალაქში სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი დღეს დილით, საავადმყოფოში გარდაიცვალა, კიდევ ერთი კი მკურნალობას აგრძელებს – კაცის მდგომარეობა რთულია, თუმცა – სტაბილური და სასიცოცხლო პარამეტრები რეგულირებადია.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.