ბათუმი EURONEWS-ის ობიექტივში მოხვდა.
ბათუმი, ქალაქი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ტურისტების დიდი რაოდენობით მისაღებად ემზადება, მას შემდეგ, რაც მსოფლიო ტურისტული ჯილდოს მფლობელი გახდა.
ბოლო წლებში რეგიონში მნიშვნელოვანი ინვესტიციები გახორციელდა, რისი შედეგიც, ნათლად ჩანს.
როგორც EURONEWS-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტშია ნათქვამი, ზაფხული ახლა დაიწყო, თუმცა, ტურისტების რაოდენობა დიდია.
სანაპიროზე ათეულობით ახალი სასტუმრო გამოჩნდა, საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა კი გაორმაგდა.
ქალაქი ასევე ახალგაზრდული კულტურის ცენტრის რეპუტაციას იძენს.
იოსებს, ქუჩის ახალგაზრდა მხატვარს, მიაჩნია, რომ მის ქალაქს გაცილებით მეტი რამის შეთავაზება შეუძლია.
მას მიაჩნია, რომ მალე ბათუმი ახალგაზრდა შემოქმედებისთვის მნიშვნელოვანი ადგილი გახდება და დედაქალაქს, თბილისს თანაბარ პირობებში გაუწევს კონკურენციას.
„თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, როგორ შეცვალა ქალაქში კულტურული დონე- კინო, თეატრი, პოეზია, არქიტექტურა, ხელოვნება და ა.შ. ბათუმი მუდმივად ვითარდება და ჩვენ შეგვიძლია ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში ახალი ტენდენციების შექმნა“,_ამბობს ის.
საქართველოში ახალი კულტურული ტრენდი მჭიდროდ არის გადაჭდობილი ქვეყნის მდიდარ ისტორიასთან და ტრადიციებთან.
ქართული პოლიფონიური მუსიკა იუნესკოს მიერ არამატერიალურ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, ეკოტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შესაძლებლობაა, უწყებები კი მუშაობენ ახალი მიმართულებების მოსაძებნად.
რეგიონი ასევე ცნობილია ღვინით. არქეოლოგთა ცნობით, საქართველოში მეღვინეობა ათასობით წელს ითვლის.
ადგილობრივი მეღვინე როსტომ ბერიძე ამბობს, რომ საქართველოში 500-მდე ჯიშის ყურძენია და დაახლოებით 50-მდე ჯიში აჭარაში იზრდება.
„ასეთი მრავალფეროვნება გვაძლევს უპირატესობას ღვინის შესაქმნელად, რაც ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც სხვაგან შეხვდებით. შეუძლებელია ისაუბრო ღვინოზე და არ გქონდეს დადებითი განწყობა. ვამაყობთ ჩვენი მეღვინეობის მემკვიდრეობით“, _ ამბობს ბერიძე.