შარშანდელი დიდთოვლობის გამო დაპირებულ მასობრივ კომპენსაციებს მოსახლეობა ახლაც ელოდება, თუმცა, ხშირად, ბიუროკრატიული ბარიერი დაზარალებულ ოჯახებს ამ იმედსაც უსპობს.
ჩოხატაურში, სოფელ გუთურში მცხოვრები ირმა ირემაძე მარტოხელა დედაა და ორ შვილს ზრდის. სახლი, რომელიც ბავშვებს მემკვიდრეობით მამისგან ერგოთ, შარშან დიდთოვლობის დროს დაინგრა.
„წელიწადი სრულდება, რაც სახლი დაინგრა. დახმარებას დღეს -ხვალ მპირდებოდნენ… დამირეკეს მერიადან, რომ ნოტარიუსიდან მჭირდებოდა მინდობილობა. ნოტარიუსთან რომ მივედი, ვერ გაიგო რა საბუთი იყო საჭირო, რა მინდობილობა, რის მინდობილობაო.. გადაირია. გაბრაზებული ადვოკატთან მივედი, რომელიც ნოტარიუსს დაუკავშირდა. ნოტარიუსმა თქვა, რომ ჩემი მეუღლის გარდაცვალების ცნობა, დაბადების მოწმობა და პირადობის მოწმობა იყო საჭირო. ეს საბუთები რომ მივიტანე, სოციალურის აგენტმა მითხრა, რომ მინდობილობა მჭირდება, თუმცა რა მინდობილობა, არ მითხრეს. მთელი წელია ამ საბუთებზე დავრბივარ. გამარკვიონ რა ხდება. ეთქვათ, რომ არ იძლეოდნენ დახმარებას და გავჩერდებოდი მეც.
ამასობაში კი მეორე სართულზე იატაკი დალპა. ცოტა ხნის წინ ჩამოვვარდი, ლამის კისერი მოვიტეხე. ჩავკეტე მეორე სართულზე ასასვლელი, რომ შემთხვევით ბავშვები არ ავიდნენ და რამე არ დაემართოთ. ამ ზამთარში ჩემი სახლი და კარი რომ მქონოდა, ვალის გადახდასაც შევძლებდი.

სახლი რომ გადამეხურა, ბანკიდან სესხი ავიღე, მაინც ჩაანგრია თოვლმა და იმ სესხს ვინმე გადამიხდის?! არ მინდა, რომ ჩემი შვილები უსახლკაროდ დარჩნენ. თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ, რომ ბავშვებს საკუთარი სახლი ჰქონდეთ.
2021 წელს გადავაფორმე სახლი ბავშვებზე. ვიყიდე მეორადი შიფერი და გადავხურეთ სახლი, მაგრამ მაინც ჩაინგრა თოვლის დროს. სესხსაც ვეღარ ვიხდი, რადგან ოზურგეთიდან ჩოხატაურში დავრბივარ ტაქსით.
ერთი წლის მანძილზე როგორ ვერ გამონახეს სახსრები, რომ ხალხი დაეკმაყოფილებინათ?!! გია პაიჭაძეს ვერაფერს ვერ შეასმენ _ წადი საბუთი მოიტანეო და რა საბუთი უნდა მივუტანო, ვერ მეუბნება…
ნაძვის ხეების აწყობის და ქუჩების მორთვა-გალამაზების საშუალება თუ აქვთ, ჯერ ხალხს დაუდგნენ გვერდით!!! ხალხის “გადაგდება“ არ შეიძლება“,_ გვეუბნება ირმა ირემაძე.
ირმა ირემაძესთან საუბრის შემდეგ, მერის წარმომადგენელს დავუკავშირდით გუთურის ადმინისტრაციულ ერთეულში.
როგორც გიორგი პაიჭაძე ამბობს, დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულებზე კომპენსაციების გაცემა წელს დაიწყო.
_ დახმარების გაცემა ახლა დაიწყო. კომპენსაციები გაიცა დაზიანებულ სახურავებზე და ჩანგრეულ სახლებზე ახლა მიდის კომპენსაციების გაცემა. ირმა ირემაძე ახლა არის სიაში და მიიღებს დახმარებას,_ გვპასუხობს პაიჭაძე.

ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ გაჭიანურდა ამდენი ხანი დახმარების გაცემა, მერის წარმომადგენელი ამბობს:
_ სახლი არის გაფორმებული არასრულწლოვნებზე. თვითონ დედა არის, მაგრამ სჭირდება ნოტარიუსის დამოწმებული დოკუმენტები. საბუთები უნდა შეაგროვონ და მოიტანონ. იცის ქალბატონმა ირმამ რა საბუთები აქვს შესაგროვებელი. მე არ ვარ საქმის კურსში მიიტანა თუ არა მინდობილობა, სადაც ბავშვები ამბობენ, რომ რადგან არასრულწლოვნები არიან, თანახმა არიან რომ თანხა დედას ჩაერიცხოს.
კითხვაზე, თუ რა ზიანი მიაყენა შარშანდელმა დიდთოვლობამ გუთურის მოსახლეობას, გიორგი პაიჭაძე გვპასუხობს, რომ დანგრეულია ორი სახლი, ჩანგრეულია _ ოთხი.
_ ადამიანები, ვისი სახლიც დაინგრა, მერიამ გაიყვანა ქირით. ერთი _ გარდაიცვალა, ერთი _ თბილისში ცხოვრობს და ირემაძეც შვილებთან ერთად ოზურგეთშია ქირით გადაყვანილი.
_ როგორ შეაფასებდით იმ ფაქტს, რომ ერთი წლის განმავლობაში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულებს ამ დრომდე დახმარება მიღებული არ აქვთ?_ ამ კითხვით, ჩოხატაურის საკრებულოს ოპოზიციონერ წევრს, მამუკა ცინცაძეს მივმართეთ.
_ უარყოფითად ვაფასებ. დიდი სიამაყით თქვეს, რომ ვისი სახლიც ბოლომდეა დანგრეული იმათი საკომპენსაციო თანხა ჩამოვიდაო. უპასუხისმგებლობაა პირველ რიგში და უყურადღებობა _ მეტი რაღა უნდა შევაფასო! ერთი წელი გახდება თებერვალში და ახლა ჩამოვიდა დაფინანსება, როგორც საკრებულოს მოადგილემ თქვა დეკემბერში, ბიუჯეტის განხილვისას, მე როგორც ვიცი, მარტო იმათ ეხება ეს დაფინანსება, ვისაც სახლი სრულად დაენგრა. ვისაც სრულად არ აქვს სახლი დანგრეული, იმათი საქმე არ ვიცი როგორ იქნება.
_ თქვენ, როგორც ოპოზიციას თუ მოგმართათ რომელიმე დაზარალებულმა დახმარების თხოვნით და რა ნაბიჯები გადადგით?
_ ყველა სოფელში ვეხმიანებით ხალხს რომ ხმა ამოიღონ, უნდა გამოფხიზლდნენ. თქვენ, ჟურნალისტებს გაქცევენ მარტო ყურადღებას. ერთ მოსახლეს სახლი ენგრევა ბაზრის უკან გუთურისკენ მიმავალ გზაზე, ორი დღის წინ მითხრეს ამ პრობლემის შესახებ, ისიც ნაცნობობით. ძალიან ერიდება ხალხი ჩვენთან პრობლემებზე საუბარს _ ეშინიათ, რომ ჩვენ თუ ავლაპარაკდებით, მერე შეიძლება საერთოდ უყურადღებოდ დატოვოს ხელისუფლებამ.
მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ზოგიერთი ოჯახის საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფის შესახებ განკარგულება 2025 წლის 22 დეკემბერს გამოსცა.
“1. 2025 წლის თებერვლის თვეში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად_ დაზარალებული ოჯახებისთვის (საკუთრებაში რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლები, რომლებიც სრულად დაინგრა ან არ ექვემდებარება აღდგენას) კომპენსაციის გაცემის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 10 000 000 (ათი მილიონი) ლარი, კერძოდ:
ა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტს – 4 500 000 (ოთხი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი;
ბ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს − 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი;
გ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს – 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი.
- ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხა ერთ ოჯახზე განისაზღვროს:
ა) 50 000 ლარის ოდენობით – თუ დაზარალებულ ოჯახს არ აქვს საკუთრებაში რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი;
ბ) 30 000 ლარის ოდენობით – თუ დაზარალებულ ოჯახს საკუთრებაში აქვს ან ჰქონდა რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და 2025 წლის 21 თებერვლის შემდგომ გაასხვისა, ასევე, თუ 2025 წლის 21 თებერვლის შემდგომ დაზიანებული სახლის მესაკუთრემ, რომელიც ამ თარიღისთვის ფლობდა ალტერნატიულ საცხოვრებელს და გაასხვისა დაზიანებული საცხოვრებელი სახლის კუთვნილი წილი.
- ამ განკარგულებით გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხის გაცემის შემდგომ, ამავე განკარგულებით განსაზღვრულ დაზარალებულ
ოჯახებს, აგრეთვე იმავე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით სხვა პირებს,
აღარ წარმოეშობათ უფლება, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და_ჩონატაურის მუნიციპალიტეტებში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალების გამო,
მოითხოვონ სახელმწიფოსგან და/ან მუნიციპალიტეტისგან რაიმე სახის კომპენსაცია ან უძრავი ნივთის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა,
გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
- ამ განკარგულების ფარგლებში გაცემული კომპენსაცია არ წარმოადგენს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ნელახალი გადამოწმების საფუძველს და აღნიშნული ოჯახები თავისუფლდებიან ამავე განკარგულების ფარგლებში მიღებული კომპენსაციის თაობაზე კომპეტენტური ორგანოსათვის – სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის შეტყობინების ვალდებულებისაგან.
- ეთხოვოთ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს, უზრუნველყონ ამ განკარგულების მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული გარემოებების დადგენის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება და ამ განკარგულებით განსაზღვრული
დაზარალებული ოჯახების საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა”,_ წერია განკარგულებაში.
ჩვენ ამ თემას კიდევ არაერთხელ დავუბრუნდებით; მკითხველს კი რამდენიმე დღეში ისევ მოვუთხრობთ, შესრულდება თუ არა ბიუროკრატიული ბარიერებით გადაკეტილი დაპირება, რომ უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს სახელმწიფო გვერდში დაუდგება!
ავტორი
































































