არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანთა უფლებებისთვის“ პარლამენტის ეთიკის საბჭოს ვახტანგ მეგრელიშვილის მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ გადაცემა „ჩათში“ ბავშვების მიმართ გაკეთებული მადისკრიმინირებელი განცხადებების გამო მიმართა.
მეგრელიშვილი ბავშვებს შემდეგნაირად მიმართავს: „ბავშვებს უფლებები არ გაქვთ“, „მშობელს უფლება აქვს ბავშვი ცემოს“, ხოლო წამყვანის ფრაზას, რომ ის არ იცნობს ბავშვის უფლებათა კოდექსს, პასუხობს, რომ „ეს ძალიან კარგია, რადგან შიგნით ბევრი სისულელე წერია“.
„გურია ნიუსი“ PHR-ის წარმომადგენელს, ანა თავხელიძეს ესაუბრა:
„პირველი შემთხვევა არ არის, როცა ვახტანგ მეგრელიშვილი ძალიან სახიფათო და მავნებლურ განცხადებებს აკეთებს ბავშვებთან მიმართებით, თუმცა განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ მეგრელიშვილი ახლა პარლამენტის მანდატს იყენებს იმისთვის, რომ დააზიანოს ბავშვების ინტერესები. იმის მაგივრად, რომ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა დაიცვას ბავშვის უფლებები, პირიქით, აკეთებს განცხადებას, რომელიც ბავშვებს სრულყოფილ მოქალაქედ არ აღიქვამს. ეს ყველაფერი წინააღმდეგობაში მოდის როგორც ეროვნულ , ასევე საერთაშორისო კანონმდებლობასთან“.
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თვლის, რომ პარტია „გირჩის“ წარმომადგენელმა, ეთიკის წესები დაარღვია და პარლამენტის ეთიკის საბჭოსგან კოდექსის დარღვევის ფაქტების ოფიციალურ შესწავლას და რეაგირებას მოითხოვს.