ბავშვს სტადიონზე დენმა დაარტყა. ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევა შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში, ახალგახსნილ საფეხბურთო სტადიონზე გუშინ, 23 სექტემბერს მოხდა.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, ადგილობრივები ამბობენ, რომ 10 წლის მოზარდს დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში გონება ჰქონდა დაკარგული, თუმცა, საბედნიეროდ, გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყოფება.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სამუშაოები, სავარაუდოდ, უხარისხოდ შესრულდა და მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.
“ბავშვი კარგად არის და გადარჩა. წუხელ, თამაშის დროს, შემოღობილი სადაც არის, იმაზე ხელის შეხების დროს გადაიტანა დენი და რომ არა ადგილობრივის დახმარება, შეიძლება ცუდი რამეც მომხდარიყო,” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლებას განმარტება ჯერჯერობით არ გაუკეთებია. კომპანიის წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ სტადიონი გახსნილი არ ყოფილა.