დღეს, ჩოხატაურში, ბორის პაიჭაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა აფხაზეთის კონფლიქტში გმირულად დაღუპული ჩოხატაურელი მებრძოლების სახელობის ღია პირველობა ბაზიერობაში, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ბაზიერები მონაწილეობდნენ. ჩოხატაურის, მარტვილის, ხონის მუნიციპალიტეტების, ქ. ფოთისა და აჭარის გუნდების მიერ წარმოდგენილი იყო შევარდნები, მიმინოები, ქორები.
შეჯიბრება საკმაოდ სანახაობრივი იყო. საპრიზო ადგილები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გუნდებმა მოიპოვეს. გამარჯვებულები, ასევე, მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელებით, მედლებით, თასებითა და ფულადი ჯილდოებით.
პირველობის მხარდამჭერი იყო მონადირეთა ჯგუფი “ძამა”, რომლისგანაც მონაწილეებს გადაეცათ სიგელები. ჯგუფის ფავორიტ მონაწილეს კი “ძამასგან” სიმბოლური პრიზი გადაეცა.
ჩემპიონატს ესწრებოდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და ბაზიერთა გულშემატკივრები.