ანექსირებული სევასტოპოლის მოსკოვის მიერ დანიშნული მთავრობის ხელმძღვანელმა მიხეილ რაზვოჟაევმა ტელეგრამის არხზე განაცხადა, რომ ქალაქი აწესებს შეზღუდვებს სურსათისა და საწვავის რეალიზაციაზე, რათა არ მოხდეს ხელოვნური აჟიოტაჟის პროვოცირება. ამის შესახებ BBC წერს.
რაზვოჟაევმა თქვა, რომ ბენზინი არ გაიყიდება კასრებში, ხოლო სასურსათო ჯგუფის საკვები პროდუქტები გაიყიდება 3 კილოგრამამდე ან სამ შეფუთვამდე ერთ ადამიანზე.
მისი თქმით, ქალაქს აქვს ბენზინის 40 დღის მარაგი, შაქარის 23 დღის, ფქვილის 27 დღის, მაკარონის 29 დღის, ხორცის კონსერვი კი 106 დღის მარაგი.
“ჩვენ არ ვართ მოწყვეტილი მატერიკიდან! არის სახმელეთო დერეფნები ახალი ტერიტორიების გავლით, ყირიმის ხიდთან საბორნე გადასასვლელი უკვე ამოქმედდა. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ნუ ჩავარდებით პანიკაში“, – წერს რაზვოჟაევი.
ამავე დროს, მოსკოვის მიერ დანიშნული ყირიმის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლეგ კრიუჩკოვმა თავის ტელეგრამაში დაწერა, რომ „ინფორმაცია ყირიმში საქონლის გაყიდვის შეზღუდვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება“.
კრიუჩკოვმა გამოაქვეყნა ანექსირებული ნახევარკუნძულის მთავრობის მეთაურის, იური გოცანიუკის აუდიოჩანაწერი, რომელმაც თქვა:
„ყირიმი სრულად არის უზრუნველყოფილი. ჩვენ გვაქვს საწვავის მარაგი ორ თვეზე მეტია, რაც შეეხება საკვებს და სასურსათო პროდუქტებს, 40 დღეზე მეტია. ამიტომ, ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟს არ აქვს აზრი“.
ავტორი