მოხუცი ქალბატონი, რომელიც წარმოშობით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხაანიდან იყო და წლების განმავლობაში ლანჩხუთის ქუჩებში მოწყალებას ითხოვდა, უპოვართა სახლში გარდაიცვალა.
ეთერ ნატროშვილის ოჯახი ლანჩხუთში კახეთიდან რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა შვილთან და მეუღლესთან ერთად. მეუღლე ორიოდ წლის წინ გარდაიცვალა და ლანჩხუთშია დაკრძალული. მოხუცი ქალბატონი შვილთან ერთად ზამთრის ცივ დღეებში, თოვლსა თუ წვიმაში, წლების განმავლობაში ქუჩაში იდგა მოწყალების მისაღებად და თავს სხვადასხვა ნაგებობებსა და მიტოვებულ ავტობუსს აფარებდა.
ლანჩხუთის მერიამ მას არაერთხელ შესთავაზა ქირავნობის პროგრამა, მაგრამ სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ სახლებში, გარკვეულ მიზეზთა გამო, დიდხანს არ ჩერდებოდა. სამიოდ თვის წინ კი, პრობლემა ნაწილობრივ იმით მოგვარდა, რომ მოხუცი ქალბატონი საგარეჯოს უპოვართა სახლში გადაიყვანეს.
სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ, იგი გარდაიცვალა, ლანჩხუთში ჩამოასვენეს და მეუღლის გვერდით ე.წ. “ატეკის სასაფლაოზე” დაკრძალეს.