ბელარუსის არაღიარებულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, ბელარუსი ხალხის შერაცხყოფის ბრალდებით, პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ანათემას გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება არქიეპისკოპოსმა, სვიატოსლავ ლოგინმა, 22 ნოემბერს, ტორონტოში ჩატარებული წირვის შემდეგ გაახმოვანა.
როგორც სასულიერო პირი ამბობს, სისხლიანი შურისძიება ბელარუსი ხალხის წინააღმდეგ მიუღებელია.
“ლუკაშენკო მოსახლეობის პროტესტს ძალადობრივი მეთოდებით შეხვდა. მათი სისხლიანი შურისძიება ბელარუსი ხალხის წინააღმდეგ მიუღებელია. ეკლესია იბრძვის სიმართლისთვის და მას არ შეუძლია უყუროს ბელარუსელების გენოციდს”, – წერია ეკლესიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ცნობილია,ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ბელარუსის მოსახლეობა ლუკაშენკოს არჩევნების გაყალბებაში და ზეწოლაში ადანაშაულებს და მის გადადგომას მოითხოვს. საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას დაკავებულია ასობით საპროტესტო აქციის მონაწილე.
ასევე როგორც ცნობილია, ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები არ აღიარა.