ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მომავალი სტუდენტები, რომლებიც კერძო უნივერსიტეტებში ჩაირიცხებიან, სახელმწიფო გრანტს ვეღარ მიიღებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებს, სწავლა მნიშვნელოვნად გაუძვირდებათ.
„ოცნების“ განათლების „რეფორმის“ საპასუხოდ, „თავისუფალი უნივერსიტეტი“ მომავალ სტუდენტებს მხარდაჭერას სთავაზობს.
განცხადებაში, რომელიც დღეს, 12 დეკემბერს, გაავრცელეს, ნათქვამია, რომ 2026 წელს „თავისუფალ უნივერსიტეტსა“ და აგრარულ უნივერსიტეტში ჩარიცხულ აბიტურიენტებს კახა ბენდუქიძის საქველმოქმედო „ცოდნის ფონდი“, 4 წლის განმავლობაში 4 200 000 ლარით დააფინანსებს.
ცოდნის ფონდი ფინანსურად მხარს დაუჭერს:
- ყველა სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სტუდენტს, რომელიც ჩააბარებს თავისუფალ ან აგრარულ უნივერსიტეტში და სრულად დაუფინანსებს 4-წლიან სწავლებას;
- ყველა აბიტურიენტს, რომელიც ჩააბარებს თავისუფალ უნივერსიტეტში, მათ გადაეცემათ 4-წლიანი სწავლის საფასურის თანადაფინანსების გრანტი;
- საერთაშორისო და ეროვნული ოლიმპიადების ყველა პრიზიორს, რომლებსაც ფონდიდან სასწავლო გრანტი გადაეცემათ;
- შემეცნებით კონკურსებში გამარჯვებულ აბიტურიენტებს, რომლებიც მიიღებენ სასწავლო ვაუჩერებს სწავლის საფასურის დასაფინანსებლად.
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პირობები აბიტურიენტებისთვის, როგორც წინა წლებში, რჩება სტაბილური და მყარი, არ იგეგმება არც სწავლის საფასურის ცვლილება და არც უცხოელი სტუდენტების მიღება შემოსავლების გაზრდის მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „თავისუფალი უნივერსიტეტი“ ავრცელებს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ცვლის როგორც სასკოლო, ასევე საუნივერსიტეტო პირობებს.
„ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტის“ ფარგლებში გეგმავს სახელმწიფო უნივერსიტეტებში გარკვეული ფაკულტეტები გააუქმოს და სტუდენტების 40%-ი, თბილისიდან რეგიონულ უნივერსიტეტებში გადაისროლოს.
სპეციალისტების შეფასებით, „ოცნების“ რეფორმა, დამოუკიდებლობას ართმევს სახელმწიფო უნივერსიტეტებს და ამყარებს ხელისუფლების კონტროლს, რაც საგანგაშოა.































































